ახალი ამბები

ოპოზიცია დამოუკიდებლობის დღეს აქციისკენ მოუწოდებს

ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა, რომ ცხრა პარტიის ოპოზიციური კოალიცია 26  მაისს საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს. ამ დღეს ხელისუფლებას სამხედრო აღლუმის ჩატარება აქვს დაგეგმილი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.

”ჩვენ ვაპირებთ და მოვუწოდებთ ჩვენ მხარდამჭერებს შევიკრიბოთ სპორტის სასახლის წინ 26 მაისს დილის 10 საათზე, როდესაც თვითმარქვია სააკაშვილის სამხედრო აღლუმია დაგეგმილი,” – განაცხადა გამყრელიძემ, ”შემდეგ დავიძრებით რუსთაველის გამზირისკენ”.

22 მაისს გადაცემა Primetime-ში საუბრისას გამყრელიძემ ასევე განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობა იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ამას ხალხი გადაწყვეტს აქციაზე.

”ჩვენ შევიკრიბებით სპორტის სასახლესთან და ხალხთან ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას წავიდეთ და მივესალმოთ ჩვენს არმიას თუ არა,” – განაცხადა მან.

გამყრელიძის თქმით, ერთ-ერთი ვარიანტი ”სისხლიან, აგრესიულ, კრიმინალურ და ყველაზე გაყალბებულ არჩევნებთან” დასაპირისპირებლად არის პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადება.

”ჩვენ არ ვცნობთ ამ არჩევნების შედეგებს და არ ვაპირებთ ამ არჩევნების ლეგიტიმაციას; ჩვენი წარმომადგენლები ცესკო-ში არ მისცემენ ხმას შემაჯამებელი ოქმის დამტკიცებას,” – განაცხადა გამრელიძემყ ”ეს პარლამენტი არ უნდა შეიკრიბოს და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ განმეორებითი არჩევნები ჩატარდეს”.

მისი თქმით, ახალი პარლამენტის ბოიკოტირების საკითხი სერიოზულად განიხილება ოპოზიციური კოალიციის შიგნით. თუმცა აქვე აღნიშნა, რომ ბლოკში შემავალ პარტიებს და ასევე სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის შემდგომი კონსულტაციებია საჭირო.

წინასწარ ოფიციალურ შედეგებზე დაყრდნობით გაკეთებული პროგნოზის თანახმად, მმართველ პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობა ეყოლება ახალ პარლამენტში, რაც 150-წევრიანი საკანონმდებლო ორგანოს ორ-მესამედს შეადგენს.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა, რომლის პარტიამაც წინასწარი შედეგებით ხმების 7% მიიღო, განაცხადა, რომ მისი პარტია ასევე გამოუცხადებს ბოიკოტს ახალ პარლამენტს, თუ სხვა ოპოზიციური პარტიებიც ამას გააკეთებენ.

მესამე პარტია, რომელმაც ასევე გადალახა 5%-იანი ბარიერი, არის ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტია.

 

Back to top button