ახალი ამბები

სააკაშვილის მიმართვა არჩევნების შემდეგ – სრული ტექსტი

პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართვა 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ:

”ეს იყო კიდევ ერთი ტრიუმფის გამოვლინება.

გუშინ ქართველმა ხალხმა თქვა თავისი სიტყვა, საქართველოს მრავალეთნიკურმა მოსახლეობამ, რომელიც შეადგენს ჩვენს ქართველ ხალხს, გამოხატეს თავისი დემოკრატიული პოზიცია იმის თაობაზე, თუ როგორი პარლამენტი უნდა ჰყავდეს საქართველოს შემდგომი წლების განმავლობაში.

მართალი გითხრათ მეც, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის მჯეროდა თქვენი სწორი განსჯის, მეც კი განცვიფრებული ვიყავი იმ დიდი მხარდაჭერით, რომელიც ჩვენ მივიღეთ ამ საპარლამენტო  არჩევნებზე.

ეს არის განსაკუთრებულობის ნიშანი ქართველი ხალხის, ოთხწლიანი ძალიან მტკივნეული ეკონომიკური, პოლიტიკური, სამართლებრივი რეფორმების შემდეგ, იმ რეფორმებისა, რომელიც საქართველო წაიყვანა წინ, მაგრამ, რა თქმა უნდა, იყო რთული ბევრი ქართული ოჯახისთვის.

ქართველმა ხალხმა იპოვა თავისთავში ძალა და მობილიზაცია, რომ მხარი დაეჭირა ამ კურსის გაგრძელებისთვის, მხარი დაეჭირა საქართველოს შემდგომი რეფორმირებისთვის, საქართველოს შემდგომი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის, საქართველოს მთავრობის კურსისთვის მიმართულისთვის ქვეყნის გაერთიანებისკენ.

ამავე დროს, მე მინდა ვთქვა, რომ მე მადლობას ვეუბნები ყველა ამომრჩეველს მიუხედავად იმისა, თუ რომელ პარტიას დაუჭირეთ თქვენ მხარი.

ეს ახალი პარლამენტი იქნება ბევრად უფრო პლურალისტური, ბევრად უფრო მრავალპარტიული ვიდრე წინა პარლამენტი, როგორც ჩანს რამდენიმე პარტია გარდა ნაციონალური მოძრაობისა მოხვდება ამ პარლამენტში და მე დიდი სიხარულით ველი ყველაზე პატარა ფრაქციასთან, ყველაზე პატარა ოპოზიციურ ჯგუფთან და ყველა ზომის ოპოზიციურ ჯგუფთან თანამშრომლობას, დიალოგს და ურთიერთქმედებას.

საბოლოო ციფრები ჯერ არ არის, მაგრამ როგორც ჩანს, არის დიდი ალბათობა იმისა, მას შემდეგ რაც ეს ციფრები გამოქვეყნდება, თუმცა ვიმეორებ, რომ საბოლოო შედეგები ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ არის ალბათობა იმისა, რომ ნაციონალურ მოძრაობამ მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობასთან მიახლოებული რაოდენობის ადგილები.
 
მე მინდა ყველას ვუთხრა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ექნება თუ არა საკონსტიტუციო უმრავლესობა ნაციონალურ მოძრაობას, ჩვენ არ ვაპირებთ საქართველოს კონსტიტუციაში რაიმე ცვლილებების შეტანას და მითუმეტეს არ შევიტანთ არანაირ ცვლილებებს მთელ პოლიტიკურ სპექტრთან კონსულტაციის და ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე.

მე მინდა ყველა იყოს მშვიდად, ჩვენ არ შევეხებით ფუძემდებლურ პრინციპებს ჩვენი ქვეყნის, მიუხედავად იმისა რა უმრავლესობა ექნება ჩვენს მოძრაობას.

მე მინდა ყველამ იცოდეს, როგორი წარმომადგენლობაც არ უნდა იყოს ამ მრავალპარტიულ პარლამენტში ოპოზიციის, მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, ჩემს მეგობრებთან ერთად, რომ ამ ოპოზიციურ ჯგუფებს ჰქონდეთ ბევრად უფრო მეტი ბერკეტები მთავრობის კონტროლის, პარლამენტის და მთავრობის საქმიანობაში იყოს ბევრად მეტი გამჭირვალობა და ყველაზე პატარა, ყველაზე მცირე ინტერესებიც კი ქართული საზოგადოების და ყველა ეს პოლიტიკური ჯგუფები წარმოადგენენ ქართული საზოგადოების ფართო სპექტრს, იყოს გათვალისწინებული, მხედველობაში მიღებული და ყველას ჰქონდეს საშუალება იმისა, რომ მონაწილეობა მიიღოს საქართველოს შემდგომ მართვაში და საქართველოს ბედზე გადაწყვეტილების მიღებაში.

მე მინდა მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, რომ პატივი ვცეთ ქართველი ხალხის ნებას. მე მინდა დავპირდე ჩვენს ხალხს, რომ ჩვენ დავიცავთ განუხრელად ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ ნებას და ვერავინ მასზე ვერ აღმართავს ხელს და ამის ილუზია, მე მგონი, არც არავის არ უნდა ჰქონდეს.

ამავე დროს ჩვენ გვინდა მოუწოდოთ ყველას, რომ ვიმუშაოთ თანამშრომლობის რეჟიმში.

მე მინდა, რომ პარლამენტის შეკრების შემდეგ, მასთან მქონდეს ძალიან კოლეგიური ურთიერთობა, გავაძლიეროთ მისი როლი ქართულ საზოგადოებაში, გავაძლიეროთ როგორც პარლამენტის კონტროლი მთავრობაზე, ასე მთლიანად საზოგადოების კონტროლი ხელისუფლების ყველა შტოზე, კიდევ მეტად დავაახლოოთ ხელისუფლების ყველა დონე იმ ხალხს, რომლებიც ისინი ემსახურებიან.

საბოლოო ჯამში ჩვენ ყველანი, პრეზიდენტი, პარლამენტი ხელისუფლების სხვა შტოები ვართ ხალხის მსახურები, ძალაუფლებას ვიღებთ ხალხისგან და ვიღებთ მხოლოდ იმისათვის, რომ ვემსახუროთ ხალხს, საქართველოს ინტერესებს და არაფერ სხვას ამ ქვეყანაზე და ჩვენ ამას განუხრელად დავიცავთ.

დიდი მადლობა დიდი სამოქალაქო მოქმედებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი ნაბიჯისთვის, რომელიც თქვენ ყველამ, ვინც მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში, გადადგით და მე მინდა აღითქვათ, რომ როგორც იყო აქამდე, საქართველოს ეყოლება ის ხელისუფლება, რომელიც გამოხატავს თითოეული ჩვენი მოქალაქის ინტერესს, საქართველოს ყველა მაცხოვრებლის, ჩვენი   ყველა თანამოქალაქის ინტერესს და იბრძოლებს ყველა მოქალაქის და საქართველოს უკეთესი მომავლისთვის”.

Back to top button