
ხმების დათვლის პროცესი დაიწყო
არჩევნების დღე მმართველი და ოპოზიციური პარტიების ურთიერთბრალდებებით იყო გაჯერებული.
სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები, ძირითადად ცხრა პარტიის ოპოზიციური ბლოკი, თითქმის ყოველ საათში ერთხელ მართავდნენ ბრიფინგებს.
ოპოზიციის ბრალდებები ძირითადად ეხებოდა დაშინების და ზეწოლის ფაქტებს საარჩევნო უბნებზე ოპოზიციური წარმომადგენლების წინააღმდეგ, ასევე ე.წ. ”კარუსელის” ფაქტებს ძირითადად რეგიონებში – თუმცა რამდენიმეჯერ ხმის მიცემის ფაქტი თბილისშიც დაფიქსირდა. ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია შეხლა-შემოხლის შესახებ.
მმართველის პარტიის პასუხი ამ ბრალდებებზე ის იყო, რომ არჩევნები ”ნორმალურ ვითარებაში” მიმდინარეობდა და ოპოზიციის ”უსაფუძვლო ბრალდებები” მიზნად ისახავდა ”სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვას” ქაოსის ილუზიის შექმნის მიზნით.
ამომრჩეველთა აქტივობამ 17 საათისთვის 41.5% შეადგინა. საბოლოო მონაცემი ჯერ არ გამოქვეყნებულა.
ცესკო არჩევნების პირველადი შედეგების გამოქვეყნებას 22 მაისის დილიდან დაიწყებს.
21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს მეექვსე მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს 150 მანდატისთვის მოუწიათ ბრძოლა.
არჩევნებში სამმა საარჩევნო ბლოკმა და ცხრა პარტიამ მიიღო მონაწილეობა; სავარაუდოდ, ოთხი ან ხუთი მათგანი გადალახავს 5%-იან ბარიერს პროპორციული სისტემისთვის განკუთვნილი 75 ადგილის დასაკავებლად პარლამენტში.
დანარჩენ 75 მანდატს მაჟორიტარი დეპუტატები მიოპოვებენ, საიდანაც ათი ადგილი თბილისის ერთმანდატიან ოლქებში გამარჯვებულებს ერგებათ.
კანონის თანახმად, ოლქის ამომრჩევლის 30%-მა მაინც უნდა დაუჭიროს კანდიდატს მხარი, რომ მან პირველივე ტურში მოიგოს მაჟორიტარული არჩევნები.