skip to content
ახალი ამბები

გაეროს უშიშროების საბჭომ უპილოტო თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტი განიხილა

თბილისმა განაცხადა, რომ შეწყვიტა თავისი უპილოტო მზვერავი თვითმფრინავების ფრენები აფხაზეთის თავზე მას შემდეგ, რაც გაეროს დამკვირვებლებმა მოუთითეს, რომ ეს არის ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ 1994 წლის მოსკოვის შეთანხმების დარღვევა.

თუმცა, საქართველოს ელჩმა გაეროში ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ თბილისი აღადგენს თავისი უპილოტო თვითმფრინავების ფრენებს აფხაზეთის თავზე, თუ საფრთხე კვლავ გაჩნდება.

”მე ღიად განვაცხადე [გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე], რომ მას შემდეგ რაც [გაეროს] დასკვნა გამოქვეყნდა, ქართულმა მხარემ შეწყვიტა ფრენები, რათა პატივი ეცა არსებულ დასკვნაში გამოთქმული სიტყვებისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გამოვიყენებთ ამ სამხედრო შესაძლებლობებს, თუ რეგიონში საფრთხე გაჩნდება… მაგრამ ამ ეტაპზე, მას შემდეგ, რაც გაეროს დასკვნა გამოქვეყნდა, ჩვენ შევწყვიტეთ ფრენები,” – განაცხადა ალასანიამ უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

უშიშროების საბჭოს სხდომა ქართული მხარის თხოვნით 30 მაისს გაიმართა გაეროს მისიის მიერ განხორციელებული გამოძიების შედეგების განხილვის მიზნით. ამ დასკვნის თანახმად, 20 აპრილს აფხაზეთის თავზე მფრინავი ქართული უპილოტო თვითმფრინავი რუსეთის საჰაერო ძალების კუთვნილმა  გამანადგურებელმა ჩამოაგდო.

თუმცა, გაეროს დამკვირვებელთა მისიის დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ საფრენი აპარატის მიერ, იქნება ეს უპილოტო თუ პილოტიანი, წარმოებული სადაზვერვო საქმიანობა წარმოადგენს ”სამხედრო ქმედებას” და ამიტომაც [ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების თაობაზე] მოსკოვის შეთანხმების დარღვევაა.

აშშ-ს წარმომადგენლის მოადგილემ გაეროში ალეხანდრო ვულფმა განაცხადა, რომ 1994 წლის მოსკოვის შეთანხმებიდან არ არის ნათელი არის თუ არა უპილოტო თვითმფრინავების ფრენა დარღვევა.  

”ჩვენ მიგვაჩნია, რომ ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე 1994 წლის მოსკოვის შეთანხმება, უკეთეს შემთხვევაში, გაუგებარია ამ საკითხთან მიმართებაში,” – განაცხადა მან, ”ეს არის ინტერპრეტაციის საგანი, წარმოადგენს თუ არა უპილოტო მზვერავი თვითმფრინავის ფრენა, რომელიც არ შეიძლება იყოს შეიარაღებული, სამხედრო ქმედებას”. 

”ჩვენ ცალკე საკითხზე შევჩერდებოდით, რომელიც გაეროს დამოუკიდებელ გამომძიებელთა დასკვნაშია მოცემული. რუსეთის თვითმფრინავმა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთიდან შემოფრინდა, ჩამოაგდო [საქართველოს] უპილოტო თვითმფრინავი და ეს არის ძალიან სახიფათო განვითარება, უკიდურესად პროვოკაციული და აშკარად წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას”.

საქართველოს ელჩმა გაეროში განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოში შემდგარი განხილვა ”ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი” იყო.

”წევრების უმეტესობამ მკაცრად დაგმო რუსული სამხედრო თვითმფრინავის მიერ განხორციელებული აგრესიის აქტი საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ,” – განაცხადა ალასანიამ.

თუმცა, რუსეთის ელჩმა გაეროში ვალერი ჩურკინმა ამის საპასუხოდ განაცხადა: ”ელჩმა ალასანიამ კვლავ არჩია უშიშროების საბჭოს წევრები ისეთი სიტყვებით გამოეკვება, რომლებიც მათ ფაქტიურად არ გამოუყენებიათ, როგორიცაა ”აგრესია” და ასეთი რამ; მაგრამ, თქვენ იცით, რომ ჩვენი ქართველი მეგობრები ძალიან ტემპერამენტიანები არიან და მიდრეკილნი არიან, რომ დროდადრო ეს აკეთონ”.   

მან ასევე განაცხადა, რომ მართალია ის მოხარულია, რომ თბილისმა გადაწყვიტა შეწყვიტოს უპილოტო თვითმფრინავების ფრენები, მას აწუხებს ალასანიას განცხადება იმის თაობაზე, რომ თბილისი კვლავაც იტოვებს უფლებას აღადგინოს ფრენები – ეს არის ის, რაც, ჩურკინის თქმით, საქართველოს წარმომადგენელმა არ თქვა უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

”ვიმედოვნებ, რომ იმ განცხადებას [რომელიც უშიშროების საბჭოს სხდომაზე გაკეთდა] მეტი წონა აქვს, ვიდრე იმას, რომელიც ოფიციაური შეხვედრის შემდეგ თქვენთან [ჟურნლისტებთან] გააკეთა,” – განაცხაად ჩურკინმა.  

ჟურნალისტებთან საუბრისას ალასანიამ განაცხადა, რომ რუსეთის მხარემ ვერ შეძლო წარედგინა გაეროს უშიშროების საბჭოსთვის საფუძვლიანი განმარტება 20 აპრილს ინციდენტისა; მისი თქმით, რუსეთის განმარტებები იყო ”არასრული” და ”არასიცოცხლისუნარიანი”.

მან ასევე განაცხადა, რომ ”არ ყოფილა რაიმე კატეგორიული უარყოფა მათი მონაწილეობისა ინციდენტში”. ნაცვლად ამისა, ალასანიას თქმით, რუსული მხარე შეეცადა ყურადღება გადაეტანა თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტიდან. თავიანთ ბოლო საჯარო განცხადებებში ამ ინციდენტთან დაკავშირებით, რუსეთის ხელისუფლებას წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ უფრო მნიშვნელოვანია ინციდენტის ”ძირეული მიზეზის” გამოძიება.

”ჩვენ ხაზი გავუსვით [გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე], რომ ერთი რამ არის ნათელი, რომ უპილოტო თვითმფრინავის ფრენა არის დარღვევა და პროვოკაცია, რამაც გამოიწვია ინციდენტი,” – განუცხადა რუსეთის ელჩმა ჟურნალისტებს.

მან ასევე განაცხადა, რომ სხდომაზე რუსულმა მხარემ ხაზი გაუსვა იმ ”ტექნიკურ შეუსაბამობებს”, რომლებიც გაეროს დასკვნაში გამოვლინდა. ჩურკინის თქმით, დასკვნაში არაფერი მიანიშნებდა იმაზე, რომ გამანადგურებელი აფხაზეთში რუსეთის ფედერაციიდან შეფრინდა.

”ასევე არ ყოფილა საუბარი [გამანადგურებლის] პილოტსა და ხმელეთს შორის,” – განაგრძო მან, ”ექსპერტმა მითხრა მე, რომ ფაქტიურად შეუძლებელია უპილოტო თვითმფრინავის ჩამოგდება გამანადგურებლის მიერ პილოტსა და სახმელეთო კონტროლს შორის კომუნიკაციის გარეშე. ამრიგად, მთელ ამ თავსატეხში რაღაც უკმარისობაა”.

მან კიდევ ერთხელ გაახმოვანა რუსული მხარის პოზიცია, რომ უპილოტო თვითმფრინავის ბორტზე დამონტაჟებული კამერით გადაღებული ვიდეომასალა დამონტაჟებულია.

ჩურკინის თქმით, რუსეთის ფედერაცია მზად არის ”დეტალურად გამოიძიოს” ინციდენტი და უცხოელი ექსპერტებიც ჩართოს ამ პროცესში.

მან ასევე აღნიშნა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოში მსჯელობა აფხაზური მხარის მონაწილეობის გარეშე არაობიექტურია.

თუმცა, ჩურკინმა ასევე განაცხადა, რომ ის კმაყოფილია ამ განხილვებით, რადგანაც უშიშროების საბჭოს წევრებმა უფრო მეტად გააცნობიერეს, რომ საჭიროა აფხაზური მხარის დასწრება ამგვარ შეხვედრებზე. მან იმედი გამოთქვა, რომ მომავალში მათაც მოიწვევენ.

საქართველოს ელჩმა გაეროში განაცხადა, რომ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ დააყენა აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში რუსული სამშვიდობო ოპერაციის საპოლიციო ოპერაციით ჩანაცვლების საკითხი.

თუმცა, ჩურკინმა აღნიშნა ამის საპასუხოდ: ”ფორმატის ნებისმიერი სახით შეცვლას დასჭირდება აფხაზური მხარის თანხმობა. რამდენადაც მე ვიცი, აფხაზურ მხარეს კვლავაც მიაჩნია, რომ რუსეთის როლი იქ სასიცოცხლოა”.

”ჩვენ გვაშფოთებს ის, რომ ამგვარი შემოთავაზებები [სამშვიდობო ფორმატის შეცვლის თაობაზე] და ის აქცენტები, რომელსაც ისინი ზოგიერთ საკითხებზე აკეთებენ, არის კიდევ ერთი გზა მათთვის [ქართული მხარისთვის], რათა თავი აარიდონ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმება და დევნილთა დაბრუნება,” – დასძინა მან. 

 

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button