ახალი ამბები

SOCAR-მა საქართველოში ნავთობტერმინალი გახსნა

აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანია SOCAR-მა დღეს ყულევში ახალი ნავთობტერმინალი გახსნა. ოფიციალურ ცერემონიას პრეზიდენტი სააკაშვილი და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი არტურ რასი-ზადე ესწრებოდნენ.

”ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე  ქართული ეკონომიკისთვის და ასევე საქართველოს მომავალი განვითარებისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრობის და მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობისთვის,” – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა გახსნის ცერემონიაზე, ”ის გეგმები, რომელიც ჩვენ დავსახეთ ილჰამ ალიევთან ერთად, რამდენიმე წლის წინ, სრულდება”.

SOCAR-მა ყულევის დაუმთავრებელი ნავთობტერმინალი 2006 წლის ბოლოს შეიძინა ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილისგან. გარიგების თანხა არ გახმოვანებულა. SOCAR-მა განაცხადა, რომ 300 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩადო ტერმინალის მშენებლობაში.

SOCAR გეგმავს წელიწადში 5 მილიონ ტონა ნავთობის და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებას ტერმინალის გავლით პირველ ეტაპზე და ამ მოცულობის გაზრდას 10 მილიონ ტონამდე მომდევნო ორი წლის მანძილზე. ”როიტერის” ცნობით, SOCAR ასევე გეგმავს გაზის რეზერვუარის მშენებლობას საქართველოში. 

ყულევში გამართულ ცერემონიაზე საუბრისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ყულევი არის ”საქართველოს ახალი საზღვაო კარიბჭე”, რომელიც ფოთში დაგეგმილ თავისუფალი ეკონომიკურ ზონასთან ერთად შექმნის პირობებს ადგილობრივი მოსახლეობის ”სრული დასაქმებისთვის”.    

”ჩვენი ამბიცია და ჩემი ამბიციაა, რომ ფოთი, ბათუმი, ქუთაისი და რამდენიმე სხვა ქალაქი საქართველოს დედაქალაქის გარეთ გადავაქციოთ სრული დასაქმების ქალაქად, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ქალაქებში ყველას, ვისაც უნდა მუშაობა და შეუძლია მუშაობა, უნდა მუშაობდეს,” – განაცხადა მან, ” ჩვენ დავიწყეთ დიდი თავისუფალი ეკონომიკური ზონის მშენებლობა ფოთში… მთავარი ჩვენი ამოცანა არის, რომ მშვიდობის და სტაბილურობის პირობებში, საქართველოში შევქმნათ ახალი დუბაი, ახალი სინგაპური და ეს არ არის ზღაპრები.”

საქართველომ ფოთის პორტის აქციების 51% მიყიდა რას ალ ხაიმას საამიროს საინვესტიციო ფონდს, რომელიც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, ფოთის პორტში, 300 ჰექტარ მიწაზე თავისუფალ ეკონომიკურ ზონას განავითარებს და გარდა ამისა, ახალ ტერმინალს ააშენებს 100 ჰექტარ მიწაზე. გარიგების დეტალები უცნობი რჩება, რადგანაც შეთანხმება საქართველოს ხელისუფლებასა და საინვესტიციო ფონდს შორის არ არის ხელმისაწვდომი.

 

Back to top button