
სახალხო დამცველი წინასაარჩევნო დარღვევებსა და ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს
სახალხო დამცველის სოზარ სუბარის განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში ადგილი აქვს სამართალდამცავთა და მმართველი პარტიის მხრიდან მოსახლეობაზე ”პოლიტიკური ზეწოლის და ტერორის” ფაქტებს.
დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე სოზარ სუბარმა მისი აპარატის მიერ შესწავლილი კონკრეტული დარღვევები დაასახელა.
მისი ინფორმაციით, მესტიის რაიონის პოლიციის უფროსმა ბესიკ გულედანმა თანამშრომლები დაიბარა და აიძულა დაეფიცებინათ ხატზე, რომ არჩევნებში ხმას ნაციონალურ მოძრაობას მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატს მისცემდნენ და ასევე არ გათქვამდნენ ხატზე დაფიცების ფაქტს; ერთ-ერთი პოლიციელი მელიტონ პაკელიანი გაათავისუფლეს სამსახურიდან, იმ მოტივით, რომ მან უარი განაცხადა ნაციონალების მაჟორიტარი კანდიდატისთვის ხმის მიცემაზე; მესტიის რაიონის გამგებელი ნინო ჯაფარიძე დაემუქრა სოფელ მულახის სკოლის დირექტორის მოადგილეს ზაზა ლუხუტაშვილს სამსახურიდან დათხოვნით, თუ ის ნაციონალურ მოძრაობას არ მისცემდა ხმას; ასევე სოფელ კასკურისში საბავშვო ბაღის გამგეს სამსახურიდან დათხოვნით დაემუქრნენ იმის გამო, რომ მან მიიღო მონაწილეობა ერთ-ერთი ოპოზიციონერი კანდიდატის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაში; ჭიათურის სოფელ გეზრულში სკოლის დირექტორი გაათავისუფლეს თანამდებობიდან იმ მოტივით, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მან მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ ხმათა 90%-ის მობილიზება ვერ მოახერხა.
სუბარმა ასევე განაცხადა, რომ ზეწოლის ერთ-ერთი ფორმაა პატიმრების ოჯახის წევრებზე დაპირების გაცემა იმასთან დაკავშირებით, რომ ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერის სანაცვლოდ მათ ახლობლებს ციხიდან გაათავისუფლებენ.
”ვითარება არის შემაშფოთებელი, ასეთი ფაქტები არის ძალიან სერიოზული და ბევრი,” – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ზეწოლის ადრესატები ”შიშის ფაქტორის” გამო ხშირად ერიდებიან ფაქტებისა და საკუთარი ვინაობის გამხელას.
”ერთადერთი შანსი, რომ ეს ფაქტები იქნეს ბოლომდე გამოკვლეული არის ის, რომ ის ადამიანები რომელთაც გაბედეს და თქვეს, რომლებიც იძლევიან ჩვენებებს, მოხდეს მათი დაცვა და მოხდეს ამ ფაქტების გამოძიება და ყველა იმ პირის სათანადოდ დასჯა, რომელიც ამ პოლიტიკურ ზეწოლაში მონაწილეობს,” – განაცხადა სახალხო დამცველმა.