
ქუთაისის მაჟორიტარმა კანდიდატმა ”ზეწოლის” მოტივით კანდიდატურა მოხსნა
მემარჯვენე ალიანსი -თოფაძე – მრეწველების მიერ ქუთაისში დასახელებულმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თეიმურაზ შალიკიანმა განაცხადა, რომ იგი ზეწოლის გამო ხსნის თავის კანდიდატურას არჩევნებიდან.
5 მაისს შალიკიანმა ტელეკომპანია ”მზეს” განუცხადა, რომ ის აღარ იყრის კენჭს მისი საარჩევნო შტაბის აქტივისტებზე და ასევე საარჩევნო კომისიების წევრებზე განხორციელებული ზეწოლის გამო.
მრეწველთა პარტიის ლიდერმა გოგი თოფაძემ 1 მაისს ხელისუფლება დაადანაშაულა რეგიონებში ბლოკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დევნაში. მან ასევე გააფრთხილა, რომ ბლოკი უარს იტყოდა არჩევნებში მონაწილეობაზე, თუ ეს დევნა და ზეწოლა კვლავაც გაგრძელდებოდა. თუმცა, მოგვიანებით, ბლოკმა განაცხადა, რომ ის მხოლოდ პარტიული სიით აღარ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები კი განაგრძობენ თავიანთ საარჩევნო კამპანიას.
მრეწველთა პარტია არჩევნებზე ორ პარტიასთან ერთიან ბლოკში იყრის კენჭს. ესენი არიან: ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და პარტია ”ერთობა”, რომლის ლიდერიც დეპუტატი ჯუმბერ პატიაშვილია.
შალიკიანის განცხადებამდე ბლოკს სულ 28 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჰყავდა.