ახალი ამბები

ერაყში ორი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა

ორი ქართველი ჯარისკაცი  – ლეიტენენტი გიორგი მარგიევი და კაპრალი ზურაბ გვენეტაძე  – დაიღუპა ერაყის პროვინცია დაილაში სამხედრო პატრულირების დროს, დაჭრილია სამხედრო მოსამსახურე თენგიზ მირცხულავა და არაბი თარჯიმანი. 


საქართველოს გენშტაბის უფროსის მოადგილის გიგა ტატიაშვილის განცხადებით, საბრძოლო ჰამერი, რითაც ქართველი ჯარისკაცები პატრულირებდნენ, 2 მაისს თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქდა.


მისი თქმით, დაჭრილები გადაყვანილები არიან ადგილობრივ სამხედრო ჰოსპიტალში და მათი ჯანმრთველობის მდგომარეობა სტაბილურია.


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დეკემბერში ალ კუტში ერთი ქართველი სამხედრო ავტოავარიაში დაიღუპა, ოქტომბერში კი ერთმა ჯარისკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.


2003 წლის აგვისტოდან ქართული ძალების ერაყში განთავსების შემდეგ, 2 მაისის უბედურ შემთხვევამდე სულ 18 ქართველი სამხედრო დაშავდა.


შარშან საქართველომ თავისი ძალები ერაყში 850-დან 2000-მდე გაზარდა, ხოლო ამ  ზაფხულს მათი 300-მდე შემცირება იგეგმებოდა. თუმცა, მარტში პრეზიდენტ სააკაშვილის ვაშინგტონში ვიზიტის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ წლის ბოლომდე ერაყში ძველი რაოდენობა შენარჩუნდება.

Back to top button