skip to content
ახალი ამბები

გაზეთი ”კომერსანტი” სოხუმსა და თბილისს შორის გარიგებაზე წერს

სოხუმმა და თბილისმა ”მიაღწიეს ზოგად შეთანხმებას” რამდენიმე საკითხზე, რომლის მიხედვითაც აფხაზური მხარე იღებს ვალდებულებას არ შეაფერხოს იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება აფხაზეთში, ხოლო ქართული მხარე ამის სანაცვლოდ არ გამოიყენებს ძალას, წერს გაზეთი კომერსანტი  19 მაისს.

გაზეთის ცნობით, მხარეებმა გარიგებას 12 მაისს სოხუმში გაეროში საქართველოს ელჩის ირაკლი ალასანიას მოულოდნელი ვიზიტის დროს მიაღწიეს.

თუმცა, აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა უარყო თბილისთან შეთანხმება.

”[ალასანიასთან შეხვედრაზე] ჩვენ გავიმეორეთ ჩვენი პრინციპული პოზიცია, რომ ქართულმა მხარემ უნდა გაიყვანოს თავისი ძალები აფხაზეთის ზემო კოდორის ხეობიდან და მხოლოდ ამის შემდეგ ჩვენ მზად ვიქნებით ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას საომარი მოქმედებების არგანახლების თაობაზე,” – განუცხადა ბაღაფშმა ”ინტერფაქსს” 19 მაისს, ”მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ აფხაზეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსთან დაკავშირებული საკითხი განხილვას არ ექვემდებარება”.

”კომერსანტი” იტყობინება თვითგამოცხადებული რეგიონის მთავრობის უცნობ წყაროზე დაყრდნობით, რომ თბილისსა და სოხუმს შორის მიღწეული გარიგება ითვალისწინებს იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის ხელმოწერას. ამ დოკუმენტის თანახმად, თბილისი აიღებს ვალდებულებას ძალის არგამოყენების და კოდორის ხეობიდან თავისი ძალების გამოყვანის თაობაზე; ამის სანაცვლოდ, აფხაზური მხარე აიღებს ვალდებულებას, ”კომერსანტის” ცნობით, ”არ შექმნას დაბრკოლებები”  დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა აფხაზეთში დაბრუნების პროცესში.

გაზეთის ცნობით, ეს ვარიანტი არ გამორიცხა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ. ”ორმხრივ დონეზე ჩვენ შევათანხმეთ ძირითადი საკითხები, თუმცა მთელი რიგი დეტალები კვლავ რჩება [განსახილველი],” – იტყობინება ”კომერსანტი” შამბას სიტყვებზე დაყრდნობით.

”კომერსანტის” ცნობით, აფხაზეთის ლიდერი 19 მაისს სამდღიანი ვიზიტით მოსკოვში ჩადის, რათა ინფორმაცია მიაწოდოს რუსულ მხარეს შესაძლო გარიგების თაობაზე. ”იგი [ბაღაფში] შეეცდება მოსკოვის მხარდაჭერა მოიპოვოს ამ გარიგების განსახორციელებლად,” – წერს გაზეთი.

თუმცა, ბაღაფშმა ”ინტერფაქსს” განუცხადა, რომ მისი მოსკოვში ვიზიტი ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს უკავშირდება რუსეთის გადაწყვეტილების ფარგლებში დაამყაროს ოფიციალური ურთიერთობები საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონებთან.

”კომერსანტი” ასევე აცხადებს, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა შესაძლო გარიგების თაობაზე ბათუმში 8 მაისს რუს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე  – სოხუმში ირაკლი ალასანიას ვიზიტამდე ოთხი დღით ადრე – მიანიშნა.

”მე მზად ვარ შეთანხმებას [ძალის არგამოყენების თაობაზე] ხვალვე მოვაწერო ხელი, თუ გვექნება ნათელი გარანტიები იმისა, რომ ქართველი დევნილები შეძლებენ აფხაზეთში დაბრუნებას,” – იტყობინება ”კომერსანტი” სააკაშვილის სიტყვებზე დაყრდნობით.         

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button