
სხეფერი: ნატოს კარი ღია რჩება საქართველოსა და უკრაინისთვის
ნატო მკაფიო სიგნალს მისცემს უკრაინასა და საქართველოს, რომ ალიანის კარი ღია რჩება მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული მათ თხოვნასთან დაკავშირებით მიიღონ წევრობის სამოქმედო გეგმა, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა 2 აპრილს.
ნატოს სამიტის ფარგლებში გერმანული მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებულ ბუქარესტის კონფერენციაზე საუბრისას სხეფერმა განაცხადა: ”მინდა ნათლად განვაცხადო: ნატოს გაფართოების საქმე ბუქარესტის შემდეგ არ დაიხურება. უკრაინამ და საქართველომ გამოხატეს თავიანთი მისწრაფება ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისაკენ და ნატოში გაწევრიანების თაობაზე. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მივიღოთ ხვალ, მათ თხოვნასთან დაკავშირებით მიენიჭოთ წევრობის სამოქმედი გეგმა, ჩვენი გზავნილი იქნება დადებითი და არაორაზროვანი. დიახ, ორივე ქვეყანას აქვს ადგილი ევრო-ატლანტიკურ ალიანსში. ჩვენი კარი ღიაა და იმ შემთხვევაში, თუ ისინი დააკმაყოფილებენ ჩვენ სტანდარტებს, ერთ დღესაც ისინი შემოვლენ ამ კარებში, თუ მათ ეს სურვილი ექნებათ”.
ამასობაში, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ Gazeta Wyborcza-ს განუცხადა, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოსა და უკრაინისთვის ბუქარესტის სამიტზე MAP-ის მინიჭებას. ”არ ვიცი დადებითია თუ არა ალიანსის გადაწყვეტილება. ის ბოლო მომენტში იქნება მიღებული სახელმწიფო მეთაურებს შორის [სამიტის დროს],” – განაცხადა მან.
კითხვაზე აქვს თუ არა პოლონეთს რაიმე სხვა გეგმა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს და უკრაინას MAP-ს არ შესთავაზებენ, სიკორსკიმ უპასუხა: ”ჩვენ მოვუწოდებთ ნატოს გაუგზავნოს საქართველოს და უკრაინას გზავნილი, რომ მათ შესაძლოა შესთავაზონ MAP-ი ახლო პერსპექტივაში. სკეპტიკურად განწყობილი ქვეყნები აცხადებენ, რომ საქმე აღარ ეხება შევლენ თუ არა საქართველო და უკრაინა ნატოში, არამედ ეს მხოლოდ დროის საკითხია. თუ ეს ასეა, მაშინ ჩვენ გავუგზავნით გზავნილს, რომ სწრაფი წინსვლა შესაძლებელია”.