ახალი ამბები

იური პოპოვი: საქართველოს პოზიცია შსკ-ს მიმართ ”ზედაპირულია”

რუსული მხარის თანათავმჯდომარემ შერეულ საკონტროლო კომისიაში (შსკ) იური პოპოვმა საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტის” განუცხადა, რომ საქართველოს განცხადებები შსკ-ში მუშაობის შეწყვეტის თაობაზე ”ზედაპირულია”.


პოპოვის თქმით, ერთადერთი გზა, რითიც საქართველოს შეუძლია შეწყვიტოს მუშაობა კომისიაში, არის რუსეთსა და საქართველოს შორის 1992 წელს დადებული ე.წ. ”დაგომისის შეთანხმებიდან” ოფიციალურად გამოსვლა. იმის გამო, რომ შეთანხმება არ ითვალისწინებს იქიდან გამოსვლის პროცედურას ”საქართველომ ჯერ ოფიციალურად უნდა განაცხადოს, რომ შეთანხმდებიდან გამოსვლას აპირებს და რუსეთთან, როგორც ხელმომწერ ქვეყანასთან, ამის თაობაზე მოლაპარაკებები გამართოს. ეს საკითხი შესაძლოა საერთაშორისო სასამართლოშიც იქნას განხილული,” – განაცხადა რუსმა დიპლომატმა.


”შსკ-ს ფორმატი შენარჩუნებულია, მიუხედავად იმისა რას იტყვის [თემურ] იაკობაშვილი [სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში] ამის შესახებ,” – დასძინა პოპოვმა. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს შეუძლია არ მიიღოს მონაწილეობა სხდომაში, მაგრამ შსკ განაგრძობს თავის საქმიანობას. ”მე მექნება მასთან [იაკობაშვილთან] ამაზე საუბარი. ვნახოთ, რას იტყვის. ჩვენც გვაქვს მისთვის სათქმელი,” – დასძინა პოპოვმა.


29 თებერვალს, იაკობაშვილი გამოვიდა შსკ-ს ფორმატის (ქართული, სამხრეთ ოსური, რუსული და ჩრდილოეთ ოსური მხარეები) შეცვლის ინიციატივით. მისი თქმით, შსკ-ს ნაცვლად, მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს ახალი ფორმულით 2+2+2, სადაც შევლენ: ქართული მხარე და დიმიტრი სანაკოევის მთავრობა; რუსული მხარე და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება; ეუთო და ევროკავშირი. 4 მარტს თემურ იაკობაშვილმა განაცხადა, რომ თბილისს არ სურს განაგრძოს მოლაპარაკებები სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარებაზე შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) ფარგლებში.


საქართველოს გამოსვლას 1992 წლის დაგომისის შეთანხმებიდან ასევე მოყვება სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ოპერაციის შეწყვეტა. რუსული ძალები სამხრეთ ოსეთში შერეული სამშვიდობო ძალების ფარგლებში არიან განთავსებული, რომელშიც ასევე შედიან ქართული და ოსური მხარეები. 


 


 

Back to top button