
ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები ცესკო-ს აკრიტიკებენ
ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები არ ეთანხმებიან ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის ლევან თარხნიშვილის შეფასებას, რომ არჩევნები იყო ”მაქსიმალურად” დემოკრატიული, გამჭვირვალე და სამართლიანი და შედეგების შეჯამების პროცესში დარღვევებზე საუბრობენ.
”ცესკო მასზე დაკისრებული უმნიშვნელოვანესი მოვალეობების შესრულებას არასათანადო პასუხისმგებლობით მოეკიდა,”- ნათქვამია სამი ორგანიზაციის – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ერთობლივ განცხადებაში.
დამკვირვებელი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ცესკო-მ დამატებითი სიებით მიცემული ხმების დათვლა და დაჯამება განახორციელა ქაოტურად და კანონდარღვევებით; პროცედურული უზუსტობების მიზეზით უარი თქვა საჩივრების მნიშვნელოვანი ნაწილის არსებით განხილვაზე და არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა ისე, რომ არ იქნა გათვალისწინებული და გამოსწორებული სერიოზული ხარვეზები და გადაცდომები.
აქვე, სამი ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ არცერთ საერთაშორისო მისიას არ უთქვამს, რომ არჩევნები ჩატარდა დემოკრატიული პრინციპებისა და საერთაშორისო სტანდარტები სრული დაცვით და მათი ეს შეფასება ეხებოდა მხოლოდ კენჭისყრის დღესთან დაკავშირებულ პროცედურებს.
”არჩევნების საბოლოო შეფასება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განხორციელდა და მომავალში როგორ განხორციელდება არჩევნების დღის შემდგომი პროცედურები,”- აცხადებენ დამკვირვებელი ორგანიზაციები, ”დღეს ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებაზე პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ეკისრება ცესკო-ს და ამის შემდეგ – სასამართლო სისტემას, აღმასრულებელ ხელისუფლებას და პოლიტიკურ პარტიებს”.