ახალი ამბები

ოპოზიციის ნაწილი პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა

საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატის ლევან გაჩეჩილაძის მხარდამჭერ ოპოზიციურ კოალიციაში შედის, განაცხადა, რომ ხელისუფლება ცდილობს დაამტკიცოს ”მითი”, რომ ოპოზიცია 6 იანვარს გადატრიალებას ამზადებს.


მან ეს განცხადება გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული ფარული ვიდეო-ჩანაწერის კომენტირებისას გააკეთა, რომლის მიხედვითაც ბიზნესმენის და პრეზიდენტობის კანდიდატის ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, დეპუტატი ვალერი გელბახიანი 6 იანვარს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე დღეს, მასობრივი არეულობის ინსპირირების, არჩევნების ჩაშლის და ძალაუფლების ხელში ჩაგდების გეგმებზე ესაუბრება შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) დირექტორს ერეკლე კოდუას. გელბახიანი ეჭვმიტანილია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად შეთქმულების მომზადებაში.


”მე არ მჯერა ფარული კამერების საერთოდ. იმისთვის რომ მე დავიჯერო ფარული კამერა, უნდა მქონდეს ბევრად უფრო მეტი მონაცემები,”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, ”ჯერ-ჯერობით მე ვხედავ ხელისუფლების სქემას, რომ აწყობს და დიდი ხანია რაც ავრცელებენ უცხოელებთან და ეს მე თვითონ ვიცი ჩემი პირადი საუბრებიდან, რომ   ავრცელებენ ამ მითს, რომ 6 იანვარს ოპოზიციას უნდა რომ გადატრიალება მოახდინოს, ამისთვის უნდა მასალა დადონ. და რადგან წინა მათი ასეთივე სქემა 7 ნოემბრის არ გამოუვიდათ იმიტომ, რომ ვერ დადეს მასალა, ალბათ ახლა უფრო მომზადებულად მოქმედებენ”.


ლეიბორისტული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა შალვა ნათელაშვილმა ვიდეო-მასალის გამოქვეყნება შეაფასა, როგორც პატარკაციშვილის წინააღმდეგ ხელისუფლების დევნა. 


”ეს არის ჩვეულებრივი, კლასიკური პოლიტიკური დევნა სააკაშვილის ტვინში მომწიფებული სქემით,”- განაცხადა მან, ”არანაირი გადამტრიალებელი ვალერი გელბახიანი არ არის”.

”ხალხს ერთმანეთთან ოჯახში საუბრის ეშინია და რატომ დააპირა გელბახიანმა ასეთი გულღია და გახსნილი ყოფილიყო კოდუასთან, ყველაზე დიდ გაოცებას და კითხვის ნიშანს ჩემში ეს ბადებს,”- განაცხადა დეპუტატმა ახალი მემარჯვენეებიდან მამუკა კაციტაძემ, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატის დავით გამყრელიძის საარჩევნო შტაბს წარმოადგენს.

Back to top button