
ლავროვი და ბეჟუაშვილი ’რიტორიკის’ თაობაზე დავობენ
სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთოებები რუსეთსა და საქართველოს შორის მას შემდეგ მოგვარდება, რაც საქართველო უარს იტყვის ანტირუსულ რიტორიკაზე, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 30 ნოემბერს მადრიდში თავის ქართველ კოლეგასთან გელა ბეჟუაშვილთან შეხვედრის შემდეგ. თუმცა ბეჟუაშვილმა აღნიშნა, რომ თბილისის რიტორიკა ბუნებრივი რეაქციაა იმ პოლიტიკაზე, რასაც რუსეთი საქართველოს მიმართ ატარებს.
შეხვედრა, რომელიც ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა, პირველი მაღალი რანგის კონტაქტი იყო მას შემდეგ, რაც თბილისმა მოსკოვი საქართველოში შეთქმულების მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა ”ზოგიერთი ადგილობრივი ოპოზიციური ჯგუფის” მეშვეობით და ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ფინანსური მხარდაჭერით. საპასუხოდ რუსეთმა ამ ბრალდებას ”ზღაპარი” უწოდა, რომელიც არჩევნების წინ შიდა მოხმარებაზე იყო გათვლილი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ ეს ”აშკარა რუსოფობია” საქართველოს ხელისუფლების საარჩევნო კამპანიის ქვაკუთხედია.
მადრიდში დაგეგმილ შეხვედრამდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი კითხვა რუსი კოლეგისადმი იქნებოდა: ”არ მოვიდა დრო, რომ გაიხსნას საზღვრები და აღდგეს ნორმალური ეკონომიკური ურთიერთობები?”
რუსეთმა საქართველოს ეკონომიკური სანქციები გასულ წელს დაუწესა. შედეგად, შეწყდა სატრანსპორტო კავშირი ორ ქვეყანას შორის, ხოლო საქართველოდან მთელი რიგი პროდუქციის იმპორტს რუსეთმა ემბარგო დაუწესა.
”ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ურთიერთობა საქართველოსთან ნორმალური გახდება, მაგრამ ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს ქართული მხრიდან,”- იტყობინება ”რია ნოვოსტი” ლავროვის სიტყვებზე დაყრდნობით, ”საქართველომ უნდა შეწყვიტოს ყველა უბედურების ძებნა რუსეთში… და უკეთესია დაიწყოს მუშაობა კონფლიქტების მოგვარებაზე, ნაცვლად იმისა, რომ ხელი შეუშალოს არსებული შეთანხმებების შესრულებას”.
გელა ბეჟუაშვილმა საპასუხოდ განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის მთავარი პრობლემები რიტორიკას არ უკავშირდება, არამედ გამოწვეულია რუსეთის არამეგობრული ნაბიჯებით საქართველოს მიმართ.
”რიტორიკაც იქნება და ყველა ის პრობლემაც გვექნება, რომელიც დღეს არის, იმიტომ, რომ დემოკრატიული საზოგადოება საქართველოში ვერ მოითმენს იმას, რაც კეთდება,”- განაცხადა ბეჟუაშვილმა, ”მათ შეუძლიათ თავისი ემოციების და რიტორიკების მენეჯმენტი იქ სახლში[რუსეთში], ეს არ ნიშნავს, რომ მათთან არის სამოქალქო საზოგადოება. ჩვენთან სამოქალაქო საზოგადოებაა და ითხოვს ჩვენგან რეაქციას იმ უსამართლობაზე, რომელიც ხდება დღეს საქართველოში”.
ბეჟუაშვილმა იმავდროულად აღნიშნა: ”იქ არის რა თქმა უნდა საკითხები, რომელშიც ჩვენ რა საკვირველია უნდა დავწიოთ რიტორიკაც და შევუდგეთ საქმეს. მაგრამ ვერ დავეთანხმები მე ჩემს კოლეგას იმაში, რომ ეს არის ხელშემშლელი ფაქტორი იმისა, რომ ჩვენ დავიწყოთ ფუნდამენტურ ძირითად საკითხებზე მუშაობა”.
29 ნოემბერს ეუთოს მინისტერიალზე გამოსვლისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ თბილისი დაჟინებით მოითხოვს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული მოლაპარაკებების და სამშვიდობო ფორმატების შეცვლას.
”კონფლიქტის მოგვარების ჩარჩოები აღარ ასახავს ადგილზე არსებულ რეალობას. არ უარვყოფთ რა აღნიშნულ ფორმატს, ახლა დროა საერთაშორისო თანამეგობრობამ შემოგვთავაზოს მოქნილი, მაგრამ გადამწყვეტი ზომები,” – განაცხადა ბეჟუაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ ”ლეგალურ საფუძვლებში, მოლაპარაკებებსა და სამშვიდობო ფორმატებში ფუნდამენტური ცვლილებების შეტანაა” საჭირო.
საქართველოს მწვავე პროტესტი გამოიწვია რუსეთის გადაწყვეტილებამ 2 დეკემბერს დაგეგმილ რუსეთის საპარლამენტო არჩევნებისთვის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საარჩევნო უბნების გახსნის თაობაზე.
თუმცა, ლავროვმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ”ჩვენ ჩავატარებთ არჩევნებს იმისათვის, რომ რუსეთის მოქალაქეებს, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი, ჰქონდეთ საკუთარი საარჩევნო უფლების რეალიზების შესაძლებლობა”.
შემდეგ მან პრეტენზიები გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მაშინ როცა რუსეთმა შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და გეგმაზე ადრე გაიყვანა თავისი ორი სამხედრო ბაზა საქართველოდან, თბილისი განაგრძობს საკუთარი ვალდებულებების უგულებელყოფას. იგი გულისხმობდა ბათუმში ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის გახსნაზე მოლაპარაკებების დაწყებას, რასაც რუსეთსა და საქართველოს შორის 2006 წელს მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებს.
”ამ პაკეტიდან, ჩვენ ერთი წლით ადრე შევასრულეთ ბაზების გაყვანის ნაწილში შეთანხმება, მაშინ როცა დანარჩენი პუნქტები თაროზე იქნა შემოდებული,” – განაცხადა ლავროვმა.
ეუთოს მინისტერიალზე გამოსვლისას ბეჟუაშვილი მიესალმა რუსული სამხედრო ბაზების გაყვანას ბათუმიდან და ახალქალაქიდან, თუმცა იქვე დასძინა, რომ გუდაუთის ბაზასთან დაკავშირებული საკითხი კვლავ მოუგვარებელი რჩება.
რუსული მხარე აცხადებს, რომ მან გუდაუთის ბაზა 2001 დახურა, როგორც ამას ეუთოს 1999 წლის სტამბოლის შეთანხმება ითვალისწინებდა, თუმცა ქართული მხარე ამ განცხადებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და ბაზაზე საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელებას ითხოვს.
ამ საკითხს 29 ნოემბერს ეუთოს მინისტერიალზე გამოსვლისას აშშ–ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში ნიკოლას ბერნსიც შეეხო. მან განაცხადა, რომ აშშ მიესალმება იმ პროგრესს, რომელიც მიღწეულ იქნა რუსული ბაზების საქართველოდან გაყვანის საკითხში. თუმცა, იქვე დასძინა: ”გვჯერა, რომ გუდაუთაში დარჩენილი ბაზის საკითხიც პოლიტიკური ნების საფუძველზე მალე მოგვარდება”.