ახალი ამბები

თბილისი ცხინვალს კონფრონტაციულ მეთოდებზე ხელის აღებას ურჩევს

ქართული მხარე აცხადებს, რომ ცხინვალი 26 სექტემბერს კონფლიქტის ზონაში ”პროვოცირებული” სროლების მსგავსი ინციდენტებით ცდილობს ჩაითრიოს საქართველო შეიარაღებულ კონფლიქტში და შეაფერხოს სამშვიდობო პროცესი.


კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, 26 სექტემბერს დაახლოებით 20 საათსა და 40 წუთზე ცხინვალიდან, ოსური მხარის უკანონო შეიარაღებულმა ფორმირებებმა, ნაღმტყორცნებიდან და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს კონფლიქტის ზონაში მდებარე ქართულ სოფლებს ერგნეთს, ნიქოზსა და ფრისს.


სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებით, ”სიმპტომატურია, რომ ცხინვალის რეჟიმმა მორიგი შეიარაღებული პროვოკაცია” დაუკავშირა შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) რუსეთის მხარის თავმჯდომარის იური პოპოვის საქართველოში ვიზიტს, რომელიც თბილისსა და ცხინვალში შსკ-ს პლენარული სხდომის მომზადების მიზნით მოლაპარაკებებს მართავს.


თბილისი მოუწოდებს ცხინვალს ”ხელი აიღოს კონფრონტაციულ მეთოდებზე, რომელთაც შესაძლოა გაუთვალისწინებელ შედეგები გამოიწვიონ”.


თუმცა ცხინვალში აცხადებენ, რომ სროლები გუშინ საღამოს ქართულმა სამშვიდობო ბატალიონმა წამოიწყო, რასაც საპასუხო ცეცხლი მოჰყვა. ოსური მხარის ცნობით, სროლების შედეგად ცხინვალელი ქალბატონი დაიჭრა.


ურთიერთბრალდების ფონზე ინციდენტის დეტალების დასადგენად შემთხვევის ადგილზე  შერეული სამშვიდობო ძალებისა და ეუთოს სამხედრო დამკვირვებლების ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფი მუშაობს. 

იმავდროულად, სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი 27 სექტემბერს იტყობინება, რომ დე ფაქტო ლიდერი ედუარდ კოკოითი ვლადიკავკაზში იმყოფება, სადაც კონფლიქტის ზონაში გართულებულ ვითარებას  ჩრდილოეთ ოსეთის მეთაურთან თეიმურაზ მამსუროვთან განიხილავს.

კოკოითის განცხადებით, რეგიონში ვითარების გართულება თბილისის ”დაგეგმილი აქციაა”, რაც მიზნად ისახავს საზოგადოებრივი აზრის გადატანას იმ შიდა პოლიტიკური სკანდალიდან, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებებს უკავშირდება.

Back to top button