skip to content
ახალი ამბები

კობა ნარჩემაშვილი შესაძლოა პოლიტიკაში დაბრუნდეს

ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი, რომელიც უწყებას 2001-2003 წლებში ხელმძღვანელობდა, შესაძლოა ოპოზიციური პარტია ”ახალი მემარჯვენეების” პოლიტიკური სახე გახდეს.


პარტიაში ადასტურებენ, რომ ახალი მემარჯვენეების ლიდერებსა და კობა ნარჩემაშვილს შორის ამ საკითხზე კონსულტაციები თვეზე მეტია დაწყებულია. 


”ეს კონსულტაციები დღეს და გუშინ არ დაწყებულა,”- განუცხადა ”სივილ ჯორჯიას” პარტიის პრესამსახურის ხელმძღვანელმა თეონა დოლიაშვილმა.


მისი თქმით, ჯერ-ჯერობით პარტიაში ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა ”ეს ლოგიკური იქნებოდა, რადგან ლაშა ნარჩემაშვილი [კობა ნარჩემაშვილის ძმა] უკვე დიდი ხანია, რაც ”ახალი მემარჯვენეების” ფრაქციის წევრია”.


კობა ნარჩემაშვილმა მთავრობაში თანამდებობა 2003 წლის ”ვარდების რევოლუციის” შედეგად პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომის დროს დატოვა. მოგვიანებით, 2004 წლის ოქტომბერში ის სამართალდამცავებმა თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს, თუმცა დაახლოებით ორ თვეში 300 ათასი ლარის გადახდის შედეგად გაათავისუფლეს. ნარჩემაშვილმა ბრალდებები უარყო და დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. მას შემდეგ ყოფილი შსს მინისტრი პოლიტიკურ ასპარეზზე არ გამოჩენილა.

მსგავსი/Related

Back to top button