skip to content
ახალი ამბები

ბაღაფში უარყოფს რუსეთთან საზღვრის შეცვლის გეგმებს

თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში უარყოფს ”რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველო-რუსეთის საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთის ფსოუდან ბზიფამდე გადმოტანის გეგმებთან დაკავშირებით და მას ”წმინდა წყლის სისულელეს” უწოდებს.


17 სექტემბერს ”რუსთავი 2”-ის 9-საათიან ”კურიერში” კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით გაუშვეს სიუჟეტი, რომ სოხუმმა და მოსკოვმა 2014 წლის სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების ზონის გაფართოების მიზნით მიაღწიეს შეთანხმებას საზღვრის 40-კმ-ით, მდინარე ბზიფამდე გადმოწევის თაობაზე. ამ ვერსიის თანახმად, სოხუმი გაგრას რუსეთს გადასცემს, თუმცა უცნობია სამუდამოდ თუ დროებით.


”ქართულ ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ს შეუძლია რაც უნდა ის გამოიგონოს. ეს ქართული მხარის მორიგი საინფორმაციო ფანდია და არანაირი საზღვრის გადაწევის თაობაზე საუბარი არ არის,”- იუწყება 17 სექტემბერს ”რია ნოვოსტი” ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით.


აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ ასევე ”დეზინფორმაცია” უწოდა საზღვრის გადაწევის შესახებ გასულ ინფორმაციას. 


”არანაირი საფუძველი არ აქვს მსგავს საუბრებს და მსგავსი საკითხები არ განხილულა რუსულ და აფხაზურ მხარეებს შორის,”- განუცხადა შამბამ ”რია ნოვოსტის”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button