ახალი ამბები

მოხსენება ეთნიკურ უმცირესობებზე: ბზარი იზრდება, თუმცა ოპტიმიზმის საფუძველი მაინც არსებობს

ეთნიკური უმცირესობების გაუცხოება ქართული ენის არცოდნის გამო თანდათან კიდევ უფრო იზრდება, თუმცა, მათი ”შეგრძნება და სურვილი საქართველოს ნაწილი იყვნენ აშკარაა”, ნათქვამია ეთნიკური უმცირესობების შესახებ მოხსენებაში.


მოხსენება საქართველოში ეროვნული ინტეგრაციისა და ტოლერანტობის პროგრამის (NITG) ფარგლებში შემუშავდა. პროგრამას არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს გაეროს ასოციაცია ახორციელებს.


კვლევის დროს, რომელიც 2006 წლის დეკემბერში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით 2 400 რესპონდენტი გამოიკითხა. ძირითადი აქცენტები ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებზე გაკეთდა, სადაც,  შესაბამისად, ეთნიკური აზერბაჯანული და სომეხი უმცირესობები ცხოვრობენ,


კვლევის მეთოდოლოგია NITG-ის კვლევის ჯგუფმა და Freedom House Europe-მა შეიმუშავა, ხოლო მის განხორციელებაში აქტიური დახმარება გაწიეს BCG Research-მა, სოციალური კვლევების ინსტიტუტმა (ISR),  “თავისუფლების სახლმა”, სოციალური კვლევის ინსტიტუტმა (ISR), მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტმა და უმცირესობების საკითხთა ევროპულმა ცენტრმა (ECMI).


მოხსენების თანახმად, ეთნიკური უმცირესობების ჯგუფებში ქართული ენის ცუდი ცოდნაა მთავარი მიზეზი მათი ”დაბალი წარმომადგენლობისა” საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში. 


სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ეთნიკური ჯგუფების 75.4% და 83.1%, აცხადებენ, რომ მათ არ იციან ქართული ენა. თუმცა, ქვეყნის სხვა ნაწილებში მონაცემები განსხვავებულია. დედაქალაქის ეთნიკურ უმცირესობათა მხოლოდ 5.8% აცხადებს, რომ მათ არ იციან ქართული. ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალია იმ რეგიონებში, სადაც ეთნიკური უმცირესობის მხოლოდ მცირე ჯგუფები სახლობენ.


დაახლოებით 2 მილიონი ლარია გამოყოფილი – აქედან 15% დონორების წილი, ხოლო დანარჩენი სახელმწიფოს მიერაა დაფინანსებული – სახელმწიფო ენის ცოდნის ასამაღლებლად ქვეყნის იმ რეგიონებში, სადაც ძირითად მოსახლეობას ეთნიკური უმცირესობები წარმოადგენენ.


კითხვაზე ”რას ნიშნავს საქართველო თქვენთვის?” ქვემო ქართლის ეთნიკურად არაქართული მოსახლეობის 98.7%-მა და სამცხე-ჯავახეთის ეთნიკურად არაქართული მოსახლეობის 80%-მა უპასუხა: ”სამშობლო”.


”ეროვნული უმცირესობების უმეტესობა … თავიანთ მომავალს საქართველოს უკავშირებს და აქტიურ მონაწილეობას იღებს არჩევნებში,” – ნათქვამია მოხსენებაში.


თუმცა, დოკუმენტი ასევე მიანიშნებს ქართულ საზოგადოებაში უმცირესობების თემატიკაზე მიმდინარე  დებატებში მათი მონაწილეობის არასაკმარის ხარისხზე.


მოხსენების თანახმად, იმის გამო, რომ ეროვნულ უმცირესობებს მიკუთვნებული პირები ძირითადად სიჩუმეს ამჯობინებენ, ხშირად ისმის მედა-საშუალებებით მათ შესახებ ”ზოგიერთი რადიკალური პოლიტიკური ფიგურების მხრიდან მწვავე განცხადებები”.


ქვემო ქართლის ეთნიკურად აზერბაიჯანული მოსახლეობის 95.8% მიიჩნევს, რომ მათ რეგიონში არსებული პრობლემები ანალოგიურია ან თითქმის ანალოგიურია დანარჩენ საქართველოში არსებული პრობლემებისა. სამცხე-ჯავახეთში გამოკითხულ რესპონდენტთა მხოლოდ 64.7% ფიქრობს ასე. ამ რეგიონების მონაცემებს შორის სხვაობა მიანიშნებს სამცხე-ჯავახეთის ფიზიკურ იზოლაციაზე, ნათქვამია მოხსენებაში.


როდესაც გამოკითხულ რესპოდენტებს ჰკითხეს, რომელ ეთნიკურ ჯგუფთან ისურვებდნენ ახლო ურთიერთობების დამყარებას, როგორც ქვემო ქართლში, ისე სამცხე-ჯავახეთში ეთნიკური ქართველები მეორე ადგილზე დასახელდნენ, შესაბამისად, ეთნიკური აზერბაიჯანელების და ეთნიკური სომხების შემდეგ.


კითხვაზე, თუ რამდენად ენდობიან ისინი სასამართლო სისტემას, უმცირესობებით დასახლებული რეგიონების ბევრმა რესპოდენტმა პასუხი ვერ გასცა (47.6% სამცხე-ჯავახეთში და 18% ქვემო ქართლში). მათ, ვინც შეაფასა თავიანთი ნდობის ხარისხი სასამართლო სისტემისადმი, მაღალი ქულები მიანიჭეს (4 ქულიან შკალაზე 2.8 ქულა ქვემო ქართლში და 2.9 ქულა – სამცხე-ჯავახეთში).


მოხსენება შეიცავს არა მხოლოდ კვლევას, არამედ მედია მონიტორინგის შედეგებსაც, რომელიც პირველად 2006 წლის დეკემბერში და შემდეგ 2007 წლის აპრილში განხორციელდა.


ოთხი ნაციონალური ტელეკომპანიის – ”რუსთავი 2”, ”იმედი”, ”მზე” და საზოგადოებრივი მაუწყებელი – და 2 რეგიონალური ტელევიზიის მონიტორინგით გაირკვა, რომ მედია ნაკლებად ამახვილებს ყურადღებას ეთნიკურ უმცირესობების წარმომადგენლებზე და მათთან დაკავშირებულ საკითხებზე.


დოკუმენტის თანახმად, ახალი ამბების გაშუქებისას, ჟურნალისტები აქცენტირებას აკეთებენ სიუჟეტის გმირების ეთნიკურობაზე, ”ხშირად ნეგატიურ კონტექსტში”, მაგალითისთვის შეიძლება აღინიშნოს მედიის მიერ გამოყენებული ერთ-ერთი ტერმინი –  ”ოსი კრიმინალი”.


ისევე როგორც დანარჩენ საქართველოში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთშიც ინფორმაციის მთავარი წყაროს ტელევიზია წარმოადგენს. მოხსენების თანახმად, გამოკითხულთა ნახევარზე მეტი ქვეყნის მასშტაბით (51.8%) და ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რესპონდენტთა უმეტესობა (70% და 66.4%, შესაბამისად) არ კითხულობს გაზეთებს. 


ყველაზე ხშირად რესპოდენტები საინფორმაციო გადაცემებს უყურებენ. აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი არხები საკმაოდ პოპულარულია ორივე რეგიონში. თუმცა, ქვეყნის მასშტაბით და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ორივე რეგიონში ყველაზე პოპულარულია ტელეკომპანიაა ”იმედი” (83.2% ქვეყნის მასშტაბით, 54.4% ქვემო ქართლში და 73.8% სამცხე-ჯავახეთში).


კვლევის საერთო მიგნებებზე საუბრისას, ჯგუფის ხელმძღვანელმა ლევან თარხნიშვილმა განაცხადა, რომ უმცირესობათა უფლებების დაცვის კუთხით პრობლემები შემცირებულია, მაგრამ ”გამოწვევები კვლავ რჩება მათი ინტეგრაციის თვალსაზრისით”.


 

Back to top button