
მოსკოვი: კოდორის დაბომბვა პირველ რიგში ქართულ მხარეს აწყობდა
11 მარტს ზემო კოდორის ხეობის დაბომბვის ირგვლივ განვითარებული მოვლენები პირველ რიგში ქართულ მხარეს აძლევდა ხელს, აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 17 ივლისს.
”ყველაფერი მიუთითებს საქართველოზე, რომელიც მანამდეც და [ინციდენტის] შემდეგაც მოქმედებდა მიზანმიმართულად ზემო კოდორის ხეობაში დაძაბულობის გასამწვავებლად,”- აცხადებს რუსეთის დიპლომატიური უწყება.
მოსკოვის კომენტარებში, რომელიც გაეროს დამკვირვებელთა მისიის მიერ კოდორის დაბომბვაზე 12 ივლისს გამოქვეყნებულ დასკვნასა და ამ თემის გარშემო გაკეთებულ შეფასებებს ეძღვნება, ასევე ნათქვამია, რომ თბილისმა ისარგებლა მომენტით და უფრო მეტად გაამწვავა საკუთარი პოზიციები, რაც კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში.
კერძოდ, დსთ-ს კოლექტიური სამშვიდობო ძალებისა და გაეროს დამკვირვებლების მიერ ”შეინიშნება ქართული შეიარაღებული ფორმირებების პირადი შემადგენლობის ზრდა ზემო კოდორის ხეობაში. გაჩნდა ცნობები, რომელიც დასტურდება გაეროს მისიის დამკვირვებელთა მხრიდან, რომ ხეობის ქვედა, აფხაზეთის მიერ კონტროლირებადი ნაწილის საყრდენ პუნქტებში აღმოაჩინეს ქართველ სამხედროთა ჯგუფები”.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე აღნიშნავს, რომ კოდორის დაბომბვასთან დაკავშირებით საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის მიერ გამოქვეყნებული მოხსენების შემდეგ ამ შეფასებების ”ინტერპრეტაციის” მცდელობებს აქვს ადგილი.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა 16 ივლისს გაკეთებულ განცხადებაში დაგმო ძალადობრივი თავდასხმა ”საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე” და მიესალმა თბილისის თავშეკავებულობას როგორც თავდასხმის დროს, ისე გამოძიების მიმდინარეობისას, რომელსაც გაეროს მისიის ხელმძღვანელობით ოთმხრივი შემსწავლელი ჯგუფი აწარმოებდა რუსი სამშვიდობოების, აფხაზური და ქართული მხარეების მონაწილეობით.
რუსეთის საგარეო უწყება ასევე ხაზს უსვამს დასავლეთის მედია საშუალებების მოწოდებებს თბილისის მიმართ, რათა კოდორზე თავდასხმის საკითხი დააყენოს გაეროს უშიშროების საბჭოზე განსახილველად, სადაც ”დასავლეთის ქვეყნების ღია მხარდაჭერას პირდებიან”.
”ეს მოწოდებები შეიცავს აშკარა მინიშნებებს იმაზე, რომ მოსკოვს გარკვეული კავშირი აქვს თავდასხმაზე. ეს თეზისი გამოსჭვივის ასევე ყველა ქართულ კომენტარშიც,”- აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.
”ამასთან დაკავშირებით შესახსენებელია, რომ ერთობლივი ჯგუფის დასკვნაში გასაგებად არის ნათქვამი, რომ შეზღუდვები, რომელიც განპირობებული იყო რელიეფითა და მეტეოროლოგიური პირობებით, რომელიც 11 მარტის ღამეს იყო შექმნილი ზემო კოდორის ხეობაში, ”თითქმის შეუძლებელს” ხდიდა საფრენი აპარატების მონაწილეობას ინციდენტის მთელი მსვლელობის დროს. მოხსენებაში ასევე ნათლადაა მინიშნებული, რომ საარტილერიო ცეცხლის წარმოება ზემო კოდორის ხეობაში ცუდი ამინდის და რთული ტოპოგრაფიის პირობებში და ამავე დროს ვერტმფრენების გამოყენება შეუძლებელი იქნებოდა. ეს მოქმედებები დროსა და სივრცეში ერთმანეთს არ უნდა დამთხვეოდა. სამხედრო სპეციალისტებს ამის ახსნა არც უნდა სჭირდებოდეთ,”- აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.
თუმცა გაეროს მისიის მოხსენება არა მხოლოდ იმას ვარაუდობს, რომ რუსული სამხედრო ვერტმფრენები შესაძლოა მართლაც მონაწილეობდნენ კოდორის ხეობის დაბომბვაში, არამედ მიანიშნებს, რომ ხეობას საარტილერიო ცეცხლი შესაძლოა აფხაზური მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაუხსნეს.