skip to content
ახალი ამბები

თბილისსა და მოსკოვს შორის ივლისიდან ჩარტერული რეისები შესრულდება

3 ივლისიდან თბილისი-მოსკოვის მიმართულებით არარეგულარული პირდაპირი ფრენები განახლდება. ჩარტერულ რეისებს ქართული ავიაკომპანია ”ჯორჯიან ეარვეისი” შეასრულებს.


ავიაკომპანიამ სიტყვიერი თანხმობა უკვე მიიღო რუსეთის საავიაციო დეპარტამენტიდან, ოფიციალურ რადიოგრამას კი 2 ივლისს ელოდება.


”კომპანია კვირაში სამ რეისს განახორციელებს და ბილეთის ფასი დაახლოებით, 250-300 აშშ დოლარი იქნება. რეისები სექტემბრის პირველ რიცხვებამდე განხორციელდება,” – განუცხადა ”სივილ ჯორჯიას” კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა აკა სანიკიძემ.


მისი თქმით, ჩარტერული რეისების დაწყებაში ”დიდი წვლილი საქართველოს საპატრიარქომ და ორივე ქვეყნის დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ შეიტანეს”.


საჰაერო მიმოსვლა, ისევე როგორც სხვა სახის სატრანსპორტო მიმოსვლა საქართველოსთან რუსეთმა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც ოქტომბრის დასაწყისში ორ ქვეყანას შორის ჯაშუშების სკანდალის გამო ურთიერთობები უკიდურესად გამწვავდა.


თუმცა საშობაოდ და სააღდგომოდ ”ჯორჯიან ეარვეისმა” რამდენიმე ჩარტერული რეისი შეასრულა.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button