
მოსკოვი ცხინვალს ემხრობა, თუმცა თავშეკავებისკენ მოუწოდებს
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი 29 ივნისს მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდა.
შეხვედრამდე ორი დღით ადრე რუსეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ მოსკოვი არ დაამყარებს ოფიციალურ ურთიერთობებს სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან დიმიტრი სანაკოევთან.
სერგეი ლავროვმა და როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა საინფორმაციო შეტყობინებაში, ”სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა” შეშფოთება გამოხატეს ”ცხინვალის დაცხრილვისა და რუსი სამშვიდობოების წინააღმდეგ პროვოკაციული ქმედებების გამო”.
სამხრეთ ოსეთის მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 29 ივნისს დილით ცხინვალს ცეცხლი ქართული სოფელ ხეითიდან გაუხსნეს, რის შედეგადაც დაიჭრა ოსი მილიციელი. ქართულმა მხარემ უარყო ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ ცეცხლი სამხრეთ ოსეთის მხრიდან გაიხსნა.
28 ივნისს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადგილობრივი ქართველები რუს სამშვიდობოებს დაუპირისპირდნენ, რადგანაც ცისფერჩაფხუტიანები მათ არ აძლევდნენ საშუალებას რეგიონში საავტომობილო გზის მშენებლობა განეახლებინათ. რუსმა სამშვიდობოებმა თავშეკავება გამოიჩინეს და უკან დაიხიეს; შედეგად, ქართულ სოფლებს – ნიქოზსა და ავნევს შორის გზის მშენებლობა განახლდა.
ქართულმა მედიამ და თბილისის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ინციდენტი წარმატებად შეაფასეს, რადგან ადგილობრივმა მოსახლეობამ რუსი სამშვიდობოების ”პროვოკაციულ ქმედებებზე” გაიმარჯვა. ოპოზიციონერმა კანონმდებლებმა ეს ინციდენტი იმისთვის გამოიყენეს, რომ კიდევ ერთხელ მოეთხოვათ აღმასრულებელი ხელისუფლებისა და პრეზიდენტ სააკაშვილისაგან კონფლიქტის ზონიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანა.
რუსეთის საგარეო უწყებამ 29 ივნისს განაცხადა, რომ დაძაბულობის ზრდა რეგიონში ”სახიფათო ხდება”.
”ქართული მხარის ქმედებები სამხრეთ ოსეთში სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული,” – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ინფორმაცია მიაწოდა კოკოითს მოსკოვის ”დიპლომატიური ნაბიჯების და ”პარტნიორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონტაქტების თაობაზე”, რომლებიც მიმართულია იქით, რომ ”თბილისსა და მის უცხოელ თანამოაზრეებს” აუხსნან, თუ რა სერიოზული შედეგები შეიძლება მოჰყვეს დაპირისპირების გაღრმავებას.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაზი გაუსვა თავის პოზიციას, რომ მოლაპარაკებების არსებული ფორმატი უნდა დარჩეს კონფლიქტის მოგვარების მთავარ ინსტრუმენტად.
ედუარდ კოკოითმა სერგეი ლავროვთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთი კვლავაც გააგრძელებს თანამშრომლობას ცხინვალთან.
თუმცა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოუწოდა სამხრეთ ოსეთის ლიდერს უფრო მოქნილი პოზიცია დაიკავოს და გადახედოს თავის გადაწყვეტილებებს, რომელიც კონფლიქტის ზონის ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ იყო მიმართული.
”მან [სერგეი ლავროვმა] მოუწოდა სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას ამ პირობებში გამოიჩინოს მაქსიმალური თავშეკავება და კეთილი ნება მიმდინარე სადაო საკითხების გადაწყვეტისას, მათ შორის წყალმომარაგებისა და სატრანსპორტო მაგისტრალებზე მოძრაობის რეჟიმის კონტექსტში,”- განაცხადა რუსეთის საგარეო უწყება.
მაისში სამხრეთ ოსეთის მხარემ ქართული სოფლებისკენ მიმავალი გზები ჩაკეტა, ხოლო ივნისის დასაწყისში ქართულ სოფლებს სარწყავი წყლის მიწოდება შეუწყვიტა.
”ერთადერთი მიზეზი, რისთვისაც ცხინვალმა ქართული სოფლებისკენ მიმავალი გზები ჩაკეტა, ის არის, რომ არ უნდათ მოსახლეობამ დაინახოს ის აღმშენებლობის პროცესი, რომელსაც [ქართული მხარის მიერ კონტროლირებად] სოფლებში აქვს ადგილი,” – განუცხადა ქართული სამშვიდობო ბატალიონის მეთაურმა მამუკა ყურაშვილმა ტელეკომპანია ”იმედს” 28 ივნისს.
რეგიონში ვითარების ბოლოდროინდელ დაძაბვას წინ უძღოდა დიმიტრი სანაკოევის ვიზიტი ბრიუსელში, რასაც ოფიციალურმა თბილისმა კონფლიქტის მოგვარების პროცესში ”შემობრუნების წერტილი” უწოდა.
”ის შეხვედრები, რომელიც შედგა, აჩვენებს, რომ ევროპარლამენტმა არა მხოლოდ მიიღო, არამედ მხარი დაუჭირა საქართველოს ხელისუფლების ინიციატივას ე.წ სამხრეთ ოსეთში აღნიშნული ადმინისტრაციის ამოქმედებასთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი,”- განაცხადა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 29 ივნისს.
ევროკავშირი 14 ივნისს მიესალმა საქართველოს მთავრობის მცდელობას ”ყოვლისმომცველ საკონსულტაციო პროცესში” ჩაერთოს სამხრეთ ოსეთში არსებულ ყველა ძალასთან. თუმცა, განცხადების თანახმად, ეს ყოვლისმომცველი პროცესი ”მხოლოდ მაშინ იქნება წარმატებული, თუ საკმარისი დრო იქნება და თუ მას ნდობის აღდგენის კონკრეტული ღონისძიებები მოჰყვება”.