
კოკოითი მოსკოვში ლავროვს შეხვდა
რუსეთი ცხინვალს თავშეკავებისაკენ მოუწოდებს და სამხრეთ ოსური მხარის ანალოგიურად, კონფლიქტის ზონაში ვითარების გამწვავებაში ქართულ მხარეს ადანაშაულებს. მოსკოვი ასევე შეშფოთებულია რუსი სამშვიდობოების წინააღმდეგ ”პროვოკაციების” გამო.
ამის შესახებ საუბარია საინფორმაციო შეტყობინებაში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მინისტრის სერგეი ლავროვისა და თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ლიდერის ედუარდ კოკოითის დღევანდელი შეხვედრის თაობაზე გაავრცელა.
”ლავროვმა და კოკოითმა გამოხატეს შეშფოთება ცხინვალის დაცხრილვის, რუსი სამშვიდობოების წინააღმდეგ პროვოკაციებისა და დაძაბულობის ზრდის გამო, რაც საშიშ ხასიათს იძენს და განპირობებულია ქართული მხარის ქმედებებით, რომელიც მიმართულია სამხრეთ ოსეთში სიტუაციის დესტაბილიზაციისაკენ,”- აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 29 ივნისს.
ამავე ცნობით, რუსეთის დიპლომატიური ნაბიჯები მიმართულია იქით, რომ ”თბილისსა და მის უცხოელ თანამოაზრეებს” საერთაშორისო პარტნიორების საშუალებით აუხსნან, თუ რა სერიოზული შედეგები შეიძლება მოჰყვეს დაპირისპირების გაღრმავებას.
”მან მოუწოდა სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას ამ პირობებში გამოიჩინოს მაქსიმალური თავშეკავება და კეთილი ნება მიმდინარე სადაო საკითხების გადაწყვეტისას, მათ შორის წყალმომარაგებისა და სატრანსპორტო მაგისტრალებზე მოძრაობის რეჟიმის კონტექსტში,”- აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა არსებული სამშვიდობო ოპერაციის დადებითი როლი და სურვილი, რაც შეიძლება სწრაფად განახლდეს მოლაპარაკებები შერეული სამშვიდობო კომისიის ფორმატით.
ედუარდ კოკოითმა სერგეი ლავროვთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთი კვლავაც გააგრძელებს თანამშრომლობას ცხინვალთან და არა დიმიტრი სანაკოევის დროებით ადმინისტრაციასთან, იტყობინებიან სააგენტოები ”ინტერფაქსი” და ”რია ნოვოსტი” 29 ივნისს.
კოკოითის განცხადებით, ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში ომი მთელ ჩრდილოეთ კავკასიას მოიცავს.
”ომის გაჩაღების შემთხვევაში, კონფლიქტი მხოლოდ სამხრეთ ოსეთით არ შემოიფარგლება. მასში ჩართულნი იქნებიან აფხაზები და ყველა ჩრდილოეთ კავკასიური რესპუბლიკები,”- განაცხადა კოკოითმა.
კონფლიქტის ზონაში რამდენიმე დღეა ვითარება დაიძაბა მას შემდეგ, რაც თბილისის მცდელობას ქართული სოფლების – ნიქოზის და ავნევის -დამაკავშირებელი გზა აშენდეს წინააღმდეგობა შეხვდა. ისმის სროლები.