skip to content
ახალი ამბები

HRW პატიმრობის შესახებ კანონში ცვლილებას აკრტიკებს

პატიმრობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი ”განხილვიდან უნდა მოიხსნას ან მნიშვნელოვნად შეიცვალოს”, რადგანაც დამტკიცების შემთხვევაში საქართველო დაარღვევს თავის საერთაშორისო ვალდებულებებს, განაცხადა ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციამ Human Rights Watch-მა (HRW) 1 ივნისს პრეზიდენტ სააკაშვილის სახელზე გაგზავნილ ღია წერილში.


ცვლილებების პროექტის თანახმად, ის პატიმრები, რომლებიც უხეშად დაარღვევენ ციხის შიდა განაწესს, არ შეასრულებენ ციხის თანამშრომლის კანონიერ ბრძანებას ან შეურაცხყოფას მიაყენებენ მას, მაშინ როცა ეს ქმედება არ უტოლდება სისხლის სამართლის დანაშაულს, დაისჯებიან პატიმრობის გახანგრძლივებით ანუ ”ადმინისტრაციული პატიმრობით” 10-90 დღის ვადით. ასეთი ქმედების განმეორების შემთხვევაში კანონპროექტი 20-90 დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.


”ცვლილებების პროექტის თანახმად, ის დანაშაული, რომლის გამოც პიროვნებას შეიძლება შეეფარდოს ადმინისტრაციული სასჯელი, საკმაოდ გაუგებარია, რადგან გაურკვეველია რა ითვლება ციხის შიდა განაწესის უხეშ დარღვევად ან ციხის თანამშრომლის შეურაცხყოფად; ეს უკანასკნელი სუბიექტური და თავისუფალი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა,” –  აცხადებს HRW.


ორგანიზაცია ასევე რეკომენდაციას აძლევს საქართველოს ხელისუფლებას კანონპროექტში აისახოს ის დებულება, რომ ადმინისტრაციული სასჯელი გამოყენებული იქნას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, მაშინ როცა ყველა სხვა სანქცია ამოწურულია ან შეუსაბამოდაა მიჩნეული.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button