skip to content
ახალი ამბები

დანიელ ფრიდი: რუსეთის ურთიერთობები მეზობლებთან პრობლემურია

რუსეთის ურთიერთობები თავის მეზობლებთან ”კვლავ მნიშვნელოვან პრობლემად” რჩება, რადგანაც რუსეთის მიდგომა ხშირად ეფუძნება ”მოგებაზე ორიენტირებულ მენტალიტეტს, განსაკუთრებით საქართველოსა და უკრაინაში,” – განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში დანიელ ფრიდმა 24 მაისს.


ჰელსინკის კომისიისადმი თავის განცხადებაში  ფრიდმა აღნიშნა, რომ აშშ-ს შეშფოთება გამოიწვია მაგალითად, შარშანელმა ფაქტმა, როდესაც რუსეთმა საქართველოსთან ერთადერთი კანონიერი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ჩაკეტა.


თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში, გამწვავებული ურთიერთობების შემდეგ, გარკვეული გაუმჯობესების ნიშნები გაჩნდა.


”მოსკოვს ბევრად მეტის გაკეთება შეუძლია ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. რუსეთის მიერ გასული წლის შემოდგომაზე საქართველოსთვის დაწესებული ეკონომიკური და სატრანსპორტო სანქციები კვლავ ძალაში რჩება. გარდა ამისა, ის მოქმედებს ისე, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება მისი ღია მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმების მხარდაჭერის გამო… მოვუწოდებთ რუსეთს უფრო კონსტრუქციული როლი ითამაშოს და გამოიყენოს თავისი გავლენა სეპარატისტებზე, რათა ხელი შეუწყოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას თითოეულ რეგიონში,” – განაცხადა ფრიდმა.


მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა ”თითქმის შეასრულა” 1999 წლის ეუთოს სტამბოლის შეთანხმების ვალდებულებები საქართველოდან სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე, ”გარდა ერთისა, რაც მოითხოვს რუსეთისგან  მიაღწიოს შეთანხმებას საქართველოსთან გუდაუთის ბაზის სტატუსის განსაზღვრასა ან მის დახურვაზე”.


თბილისი მოითხოვს, რომ გუდაუთის სამხედრო ბაზაზე დამოუკიდებელმა საერთაშორისო დამკვირვებლებმა რეგულარული მონიტორინგი განახორციელონ, რათა დამტკიცდეს რუსეთის მიერ სამხედრო ბაზის დახურვის ფაქტი, როგორც ამას 1999 წლის ეუთოს სტამბოლის შეთანხმება ითვალისწინებს.


მოსკოვი კი აცხადებს, რომ მან უკვე დახურა ბაზა და მხოლოდ ერთჯერადი მონიტორინგის ჩატარებაზე თანხმდება.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button