skip to content
ახალი ამბები

ბურჯანაძე: არავის არ აქვს უფლება ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის განხეთქილება შეიტანოს

დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ პირველი კომენტარი გააკეთა ხელვაჩაურის რაიონში დაუმთავრებელი ეკლესიის დანგრევის ფაქტზე და განაცხადა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ”არავითარ შემთხვევაში ეს ვითარება კიდევ უფრო არ დაიძაბოს”.

მისი თქმით, ამ საკითხზე ”ძალიან ინტენსიური” კონსულტაციები მიმდინარეობს საქართველოს პატრიარქთან ილია II-თან.


”ყოველთვის ვახერხებდით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან და მის ხელმძღვანელობასთან საერთო ენის გამონახვას… არავის არ აქვს უფლება, რომ ეკლესიაში ან ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის განხეთქილება შეიტანოს,” – განაცხადა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ბურჯანაძემ.


ამავე სხდომაზე ოპოზიციამ დააყენა საკითხი ნათელი მოეფინოს ეკლესიის დანგრევის ფაქტს. კერძოდ, ვის მიერ მოხდა შენობის დემონტაჟი; და თუ ეს იყო სახელმწიფო ორგანო, ვინ გასცა ამის განკარგულება; რა სამართლებრივი საფუძველი ჰქონდა ამ ყველაფერს; და როგორ იგეგმება ამ საკითხთან დაკავშირებული ყველა სამართლებრივი პრობლემის მოგვარება. ეს ის კითხვებია, რომლითაც უმრავლესობას ოპოზიციონერმა დეპუტატმა კახა კუკავამ მიმართა.


ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ეკლესიის შენობის დანგრევის თაობაზე განკარგულება ხელვაჩაურის ადგილობრივმა ხელისუფლებამ გასცა, თუმცა უცნობია რის საფუძველზე და რა მოტივით.


უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ოპოზიციონერი კოლეგები ამ თემით სპეკულირებაში დაადანაშაულა. 


”ასეთი თემებით სპეკულირება არავითარ შედეგს არავის არ მოუტანს, მაგრამ პრობლემა, რომელიც წარმოიშვა არის სერიოზული და ის იქნება მოგვარებული სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის და არა ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის,”- განაცხადა მან.


დღესვე, საღამოს იგეგმება საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა პრეზიდენტთან, სადაც სავარაუდოდ, ამ საკითხზეც იმსჯელებენ. პრეზიდენტ სააკაშვილს ეკლესიის დანგრევის თაობაზე ჯერ თავის მოსაზრება არ გამოუთქვამს.


    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button