
სააკაშვილი ვარშავაში ლეხ კაჩინსკის შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის ფაქტი, რომ კრაკოვის ენერგოსამიტის პარალელურად რუსეთისა და ყაზახეთის პრეზიდენტების შეხვედრები დაიგეგმა, ”ამ სამიტის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს”.
ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთს სტუმრობს, 10 მაისს თავის პოლონელ კოლეგასთან ლეხ კაჩინსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
10 მაისს გაზეთი ”კომერსანტი” იტყობინებოდა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა ”უპრეცედენტოდ ხანგრძლივი მოგზაურობა” თურქმენეთსა და ყაზახეთში საგანგებოდ დაამთხვია ”ანტირუსულ ენერგოსამიტს”, რათა მასში ყაზახეთის პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის მონაწილეობისათვის ხელი შეეშალა.
ამდენად, 11-12 მაისს კრაკოვის ენერგოსამიტზე, რომელიც პოლონეთის ინიციატივით იმართება, საქართველოს, აზერბაიჯანის, უკრაინის ლიდერები ყაზახი კოლეგის დაუსწრებლად განიხილავენ ცენტრალური აზიიდან და აზერბაიჯანიდას ევროპაში რუსეთის გვერდის ავლით ენერგომიწოდების დივერსიფიკაციის საკითხებს.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, საქართველო ასევე შეუერთდა იმ საერთო საპრეზიდენტო კომიტეტს, რომლის ფარგლებში პოლონეთთან უკრაინა, თურქეთი და ლიტვა თანამშრომლობს.
”ჩვენ პოლონეთის ინიციატივას საქართველოსთან საპრეზიდენტო კომიტეტის შექმნის თაობაზე მივესალმებით. ამ კომიტეტის მეშვეობით ორი ქვეყნის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება,”- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.