skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი აფხაზეთში დაკავებული სტუდენტების გათავისუფლებას მოითხოვს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ”უკანონო” პატიმრობაში მყოფი სამი სტუდენტის ”უპირობოდ, დაუყოვნებლივ” გათავისუფლებისკენ მოუწოდებს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას.  


”წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარი მოქალაქეების დასაცავად ძალზე სერიოზულ ზომებს მივიღებთ,”- განაცხადა 2 მაისს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დიმიტრი ქიტოშვილმა.


გუშინ საღამოს ასევე შედგა პრეზიდენტ სააკაშვილის შეხვედრა 1 მარტს აფხაზური მხარის მიერ დაკავებული სტუდენტების მშობლებთან.


”მსურს იცოდეთ, მიუხედავად იმისა, რომ აქამდე არ შეგხვედრივართ, ამ საკითხზე ფიქრი და მუშაობა ერთი წუთითაც არ შეგვიწყვეტია…დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს მიზანს მივაღწევთ და ამ უკანონობას ყველა ერთად ერთხელ და სამუდამოდ წერტილს დავუსვამთ”, – განუცხადა მათ საქართველოს პრეზიდენტმა.
 
ქართული მხარე აცხადებს, რომ ყველა ზომას იღებს, რომ ”მძევლების” გათავისუფლება მოლაპარაკებების გზით მოხდეს, თუმცა დე ფაქტო მთავრობა ამ გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.


თვითგამოცხადებული აფხაზეთის ლიდერის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, თუ როდის გაიმართება სამი სტუდენტის სასამართლო პროცესი. მათ ბრალი ედებათ ე.წ საზღვრის უკანონო გადაკვეთაში, ასევე ”აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციური წყობის” საწინააღმდეგო მოქმედებებსა და გალის რაიონში არჩევნების ჩაშლის მცდელობაში.


ამავე ცნობაში, აფხაზური მხარე მიანიშნებს, რომ როგორც წესი ადმინისტრაციული საზღვრის დამრღვევების დეპორტაცია ხდება და ისინი არ ისჯებიან.


”თუმცა საქართველოში ამ დრომდე უკანონოდ აკავებენ ქართული სპეცსამსახურების მიერ მოტაცებულ გალის ადმინისტრაციის თანამშრომელს დავით სიგუას,”- ნათქვამია აფხაზური მხარის შეტყობინებაში.


აფხაზური მხარე სიგუას გათავისუფლების სანაცვლოდ შესაძლოა სტუდენტების გათავისუფლებას დათანხმდეს, თუმცა ოფიციალური თბილისი სიგუას გაუჩინარებასთან რაიმე კავშირს უარყოფს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button