skip to content
ახალი ამბები

პუტინი CFE -ზე მორატორიუმის გამოცხადებას აპირებს

საქართველოდან და მოლდოვადან რუსული სამხედრო დანაყოფების გაყვანის შესახებ მოსკოვის მიერ აღებული ვალდებულების სრულად შეუსრულებლობა არ წარმოადგენს ბარიერს ნატოს წევრი რიგი სახელმწიფოებისთვის მოახდინონ ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების (CFE) რატიფიცირება, განაცხადა დღეს პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ფედერაციის საბჭოში წლიური ანგარიშით გამოსვლისას.


”ხელშეკრულება ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ იურიდიულად საერთოდ არანაირ კავშირში არ არის სტამბოლის შეთანხმებებთან… ჩვენი პარტნიორები იქცევიან მინიმუმ არაკორექტულად, როცა ცდილობენ ცალმხრივი უპირატესობის მოპოვებას. გამოგონილი მიზეზებით CFE -ის რატიფიცირების არ მოხდენით, ისინი იყენებენ შექმნილ სიტუაციას ჩვენს საზღვრებთან სამხედრო სისტემების განსათავსებლად,”- განაცხადა პუტინმა 26 აპრილს. 


ნატოს წევრი ქვეყნების მიერ ხელშეკრულების რატიფიცირების გაჭიანურების ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ რუსეთს არ შეუსრულებია თავისი ვალდებულებები საქართველოდან და მოლდოვადან საკუთარი ბაზების გაყვანის თაობაზე. ეს ვალდებულებები 1999 წლის ნოემბერს სტამბოლში ხელმოწერილი  ადაპტირებული CFE -ს შემადგენელი ნაწილია.


”მე მიზანშეწონილად მივიჩნევ რუსეთის მიერ ამ ხელშეკრულების შესრულებაზე მორატორიუმის გამოცხადებას. ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ ნატოს ყველა ქვეყანა, გამონაკლისი გარეშე, არ მოახდენს რატიფიცირებას,”- განაცხადა პრეზიდენტმა პუტინმა. 


მისი თქმით, ბიპოლარული მსოფლიოს რეალობა, რის გამოც დადეს 1990 წელს ხელშეკრულება ნატოსა და ვარშავის ხელშეკრულების წევრმა ქვეყნებმა, აღარ არსებობს. ”დღეს ხომ ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ საკუთარ ტერიტორიაზე შეზღუდულები ვართ შეიარაღების განთავსების საკითხებში”, – აღნიშნა პუტინმა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button