skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტი ლონდონში შეხვედრებს აგრძელებს

საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ლონდონს სტუმრობს, დღეს დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრს გორდენ ბრაუნს შეხვდება, რომელიც სავარაუდოდ, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის პოსტს მაისში დაიკავებს, იტყობინება პრეზიდენტის პრესსამსახური.


25 აპრილს მიხეილ სააკაშვილი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრს დეს ბრაუნს დახურულ კარს მიღმა შეხვდა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილა.


მანამდე კი გაიმართა შეხვედრა მიხეილ სააკაშვილსა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ტონი ბლერს შორის, სადაც განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია იყო.


”ვფიქრობ, საქართველოსა და ნატოს შორის არსებული პარტნიორობა საქართველოს სწორი მიმართულებით განვითარებას უზრუნველყოფს… ჩვენ უახლოეს პერიოდშიც ვიმუშავებთ საქართველოსთან ამ მიზნით. და ვფიქრობ, მთავარია აქ ნატოს წევრმა ქვეყნებმა დაინახონ, რომ ნატოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა იზრდება… ის ფაქტო, რომ ჩვენ და საქართველო მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ერაყში ძალიან გართულებულ სიტუაციაში, მნიშვნელოვანია ამ [საქართველოს ნატოში ინტეგრაციის]კონტექსტშიც,”- განაცხადა ტონი ბლერმა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.


მისი თქმით, კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს ეკონომიკური თანამშრომლობა საქართველოსთან, სადაც  ”ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა, რაც საინვესტიციო კლიმატს კიდევ უფრო დახვეწს”.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე გამოთქვა იმედი, რომ 200 მილიონიანი ბრიტანული ინვესტიცია, რომელიც უკვე არის შემოსული საქართველოში, მისი ამჟამინდელი ვიზიტის შემდეგ მკვეთრად გაიზრდება.


მხარეებმა შეხვედრაზე ასევე ყურადღება გაამახვილეს რუსეთთან ურთიერთობებზეც, რომელიც ურთიერთ გაზიარებულ ღირებულებებსა და პრინციპებს უნდა ემყარებოდეს.


”იმის მიზეზი, რატომაც ჩვენ განვავითარეთ ახლო ურთიერთობები საქართველოსთან ბოლო წლების განმავლობაში არა მხოლოდ ის არის რომ ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით საქართველო მნიშვნელოვან პროგრესს აღწევს, არამედ ისიც, რომ ის იზიარებს ჩვენს ღირებულებებს. ამდენად ეს შეხედულებების თანხვედრის საკითხია და არა მხოლოდ ძალაუფლების,”- განაცხადა ტონი ბლერმა. 


”ჩვენ ყოველთვის გარკვეული სირთულეები გვქონდა რუსეთთან ურთიერთობებში… თუმცა ჩვენ გვინდა სტაბილური, უსაფრთხო და სანდო რუსეთი… რუსეთი ძალიან  მნიშვნელოვანი პარტნიორია ჩვენთვის და დანარჩენი ევროპისთვის. თუმცა მათთვის ევროპაც ასეთივე მნიშვნელოვანია,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე 25 აპრილს.


საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი დიდ ბრიტანეთში 27 აპრილს დასრულდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button