skip to content
ახალი ამბები

ევროკავშირის დელეგაციამ საგარეო უწყებაში შეხვედრები გამართა

24 აპრილს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი მანჯგალაძე შეხვდა ევროკომისიის დელეგაციას, რომელსაც ევროკომისიის საგარეო ურთიერთობათა გენერალური დირექტორატის სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის სამმართველოს უფროსი ვიქტორ მალდონადო ხელმძღვანელობდა.


საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა განიხილეს როგორც საქართველოსა და ევროკავშირის შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებთან, ასევე ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში საქართველო-ევროკავშირის სამოქმედო გეგმის განხორციელებასთან, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გამარტივებული სავიზო რეჟიმის დამყარებასთან და საქართველოს შიდა კონფლიქტების მოგვარების პროცესში ევროკავშირის როლის გაზრდასთან დაკავშირებული საკითხები.


24 აპრილს საგარეო საქმეთა სამინისტროში ასევე გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ვაჭრობის, ეკონომიკურ და სამართლებრივ საკითხებზე თანამშრომლობის ქვეკომიტეტის მე-6 სხდომა.


მხარეებმა განიხილეს და დაგეგმეს კონკრეტული ნაბიჯები საქართველო-ევროკავშირის თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობების შესწავლისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღვინისა და სპირტის ნაწარმის, ასევე, სხვა სასურსათო პროდუქციის გეოგრაფიულ აღნიშვნათა ურთიერთაღიარებისა და დაცვის შესახებ შეთანხმების შემუშავების მიმართულებებით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button