skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი: კონფლიქტურ რეგიონებში სტატუს კვოს შენარჩუნება შეუძლებელია

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ თბილისი ხელს უწვდის ყველას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისთვის. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ვერასოდეს შეეგუება დევნილების არ დაბრუნებას და იმ სტატუს კვოს შენარჩუნებას, რომელიც კონფლიქტების ირგვლივ არის შექმნილი.


”მე მიხარია, რომ თანდათან საერთაშორისო თანამეგობრობაც აანალიზებს, რომ საჭიროა ახალი მიდგომები და არა სტატუს კვოს მუდმივი შენარჩუნება, იმიტომ, რომ ამის შენარჩუნება არის შეუძლებელი და ამას საქართველო არ დაუშვებს,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 19 აპრილს.


პრეზიდენტმა ეს განცხადება თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 65-ე როუზ-როსის სემინარის გახსნაზე გააკეთა, რომელშიც სამი დღის განმავლობაში მონაწილეობას მიიღებენ ასამბლეის პარლამენტართა წარმომადგენლობითი დელეგაცია, უცხოელი დიპლომატები და ადგილობრივი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.


პრეზიდენტმა სემინარის მონაწილეებს საგანგებოდ შეახსენა მე-20 საუკუნის ”ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და დავიწყებული ეთნიკური წმენდა” აფხაზეთში, როდესაც  ”500 ათასი ადამიანი გამოაძევეს აფხაზეთის ტერიტორიიდან”.


”და თუ ვინმეს საერთაშორისო საზოგადოებაში აქვს სურვილი, რომ საქართველოს მთავრობამ შექმნას პოლიტიკა, რომ დევნილები არ დაბრუნდნენ უკან, ნურას უკაცრავად, ამას ვერასდროს ვერავინ ვერ ეღირსება და ამაზე საუბარიც კი შეურაცხმყოფელია არა მხოლოდ საქართველოს ხელმძღვანელობისთვის, არამედ ნებისმიერი ქართველისთვის. და ეს მინდა ყველამ კარგად გააცნობიეროს,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


მან ასევე ისაუბრა ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გეგმებზე და ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნაზე გადაწყვეტილებას ”მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისი” უწოდა.


”ადგილობრივი ეთნიკურმა ოსურმა ლიდერმა [სამხრეთ ოსეთის ალტერანტიულმა პრეზიდენტმა დიმიტრი სანაკოევმა], რომელიც იარაღით ებრძოდა ქართულ სახელმწიფოს 90-იანი წლების დასაწყისში, გააკეთა შეგნებული არჩევანი მშვიდობის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ ჯდებოდა არც სეპარატისტის მხარდამჭერთა გეგმებში და არც ზოგიერთი ადგილზე წარმოდგენილი დიპლომატის გეგმებში, რომელთაც აწყობთ წინასწარ გამზადებული სქემები,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


მან ასევე ხაზის გაუსვა, რომ არანაირი ეთნიკური კონფლიქტი ცხინვალის რეგიონში არ არსებობს.
 
”ჩვენ ხელს ვუწვდით ყველას მშვიდობიანი დარეგულირებისთვის და ყველამ კარგად იცის, რომ ვართ კონსოლიდირებული და გვაქვს პოლიტიკური ნება, ვართ ძალიან მოქნილების სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღებისას… უნდა დაინგრეს სტერეოტიპი იმის თაობაზე, რომ საქართველო არის ფეთქებადსაშიში – ჩვენ მრავალ სიტუაციაში ვაჩვენეთ ყველას, რომ შეგვიძლია ვიყოთ უკიდურესად თავშეკავებული იქ, სადაც უმეტესი ქვეყნები თავს ვერ შეიკავებდნენ, შეგვიძლია ვიყოთ უაღრესად მოქნილები  და შეგვიძლია ვიყოთ მართლა მთელი ქვეყნის მთავრობა და არა რომელიმე ეთნიკურ ჯგუფის ინტერესების წარმომადგენლები,”- განაცხადა სააკაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button