skip to content
ახალი ამბები

მოსკოვი აპროტესტებს აშშ-ს უარს შამბასთვის ვიზის გაცემის თაობაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პროტესტს გამოთქვამს იმის გამო, რომ აშშ-მ არ მისცა ვიზა თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი შამბას, რათა მას მონაწილეობა მიეღო ნიუ-იორკში, 10 აპრილს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის წინ არაფორმალურ შეხვედრებში, რომლის ორგანიზებასაც რუსეთი გეგმავდა.


”აფხაზური მხარისათვის ასეთი შესაძლებლობის წართმევით, აშშ ფაქტიურად ცდილობს არათანაბარ პოზიციაში ჩააყენოს კონფლიქტის მხარეები და ამით გავლენა მოახდინოს მოლაპარაკებების მსვლელობაზე. ასეთი პოზიცია არ დაეხმარება [აფხაზეთის შესახებ] ახალი რეზოლუციის შესათანხმებლად დაბალანსებულ მიდგომებს,”- აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება 10 აპრილს.


მოსკოვის განცხადებით, შამბასთვის ვიზის გაცემაზე უარის თქმა, ”სხვა არაფერია თუ არა ქვეყნის მიერ უხეში ბოროტად გამოყენება იმ ფაქტისა, რომ იქ [აშშ-ში] განთავსებულია გაეროს შტაბბინა”.


10 აპრილს გაეროს უშიშროების საბჭო აფხაზეთის კონფლიქტის საკითხებს და მორიგი რეზოლუციის პროექტს განიხილავს. ინფორმაციას საბჭოს სავარაუდოდ,  საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელიც მიაწვდის.


”ჩვენთვის ცნობილია, რომ 10 აპრილს ნიუ-იორკში გავრცელდება გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართ სერგეი შამბას მიმართვა, სადაც ის მწუხარებით აღნიშნავს, რომ საბჭომ არ მიიჩნია შესაძლებლად მოესმინა კონფლიქტის ორივე მხარისთვის… შამბა ქართულ მხარეს ბრალს სდებს ასევე, რომ კოდორის ხეობაში თავისი მოქმედებებით და მოგვარების საკვანძო საკითხების გადაწყვეტაზე უარის თქმით, მოლაპარაკებათა პროცესში ჩიხში შეიყვანა,”- აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შამბას ვიდეო-მიმართვაზე დაყრდნობით.


რუსეთის საგარეო უწყება ასევე ფლობს ინფორმაციას, რომ ვაშინგტონი აპირებს აფხაზურ მხარეს ნიუ-იორკში თავისი პოზიციის გამოხატვის საშუალება მხოლოდ მას შემდეგ მისცეს, რაც რეზოლუცია იქნება მიღებული.

”თუმცა შეხვედრას გადაწყვეტილების მიღების შემდეგ აზრი არ ექნება,”- დასძენს ოფიციალური მოსკოვი.

აფხაზურ მხარეს რუსეთის დახმარებით გაეროს უშიშროების საბჭოსთან არაოფიციალური შეხვედრის მცდელობა გასული წლის ოქტომბერშიც ჰქონდა, თუმცა შამბას ვიზა არც მაშინ მისცა აშშ-მ.  



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button