skip to content
ახალი ამბები

ქართულ-ყაზახურმა მთავრობათაშორისმა კომისიამ თანამშრომლობის საკითხები განიხილა

ქართულ-ყაზახურ მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მესამე სხდომაზე, რომელიც თბილისში 2 აპრილს გაიმართა, მხარეებმა გააფორმეს ოქმი სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო, ენერგეტიკის, საფინანსო, სოფლის მეურნეობისა და საკომუნიკაციო სფეროებში თანამშრომლობის შესახებ.


სხდომაზე ქართულ მხარეს ეკონომიკური განვითარების მინისტრი გიორგი არველაძე, ხოლო ყაზახურს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი სერიკ ახმატოვი წარმოადგენდნენ. 


ეკონომიკური განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს სამხრეთ კავკასიური დერეფნის გამოყენებით სატრანსპორტო მარშრუტების კონკურენტუნარიანობის და ტვირთბრუნვის გაზრდის საკითხები.


სამინისტროს ინფორმაციით, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ამოქმედების შემდეგ ყაზახეთი გარანტიას იძლევა, რომ ყოველწლიურად აღნიშნულ მარშუტზე 10 მლნ ტონა ტვირთს მოიზიდავს.


სხდომაზე მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ”საკომუნიკაციო სფეროში უნდა შეიმუშაონ სამხრეთ კავკასიის და შავი ზღვის აუზის ქვეყნების დამაკავშირებელი ახალი სატელეკომუნიკაციო-საინფორმაციო დერეფნის მოწყობის პრინციპი”. 


სხდომაზე ასევე განხილულ იქნა ყაზახეთის მიმართ საგარეო ვალის რესტრუქტურიზაციის შესაძლებლობაც.


ყაზახეთი, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს შემდეგ, რიგით მესამე ინვესტორია საქართველოში. ამ ქვეყნის მიერ 2006 წელს განხორციელებულმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, ოფიციალური მონაცემებით, 152 310 500 აშშ დოლარი შეადგინა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button