skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი კოდორის დაბომბვაზე ”ადეკვატურ” შეფასებას ელის

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს პარლამენტში მოხსენებით გამოსვლისას კიდევ ერთხელ უწოდა 11 მარტს ზემო აფხაზეთის დაბომბვას ”პროვოკაცია” და იმედი გამოთქვა, რომ  ინციდენტს ადეკვატურ შეფასებას მისცემს იქ მომუშავე გაეროს დამკვირვებელთა მისია და ასევე სათანადო რეაგირება მოჰყვება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, რათა მსგავსი ინციდენტები მომავალში აღარ განმეორდეს.  


”ჩვენ მივესალმებით, რომ გაეროს მონიტორინგის კომისია მუშაობს იქ [ზემო აფხაზეთში] და იმედი გავაქვს, რომ ის გამოიტანს და გვაქვს ინფორმაცია, რომ გამოაქვს ზუსტი ინფორმაცია იმაზე, თუ რა ხდება და იმედი გავაქვს, რომ მოხდება უახლოეს დღეებში ძალიან ადეკვატური შეფასება იმ სამარცხვინო პროვოკაციისა, რომელსაც რამდენიმ დღის წინ ჰქონდა ადგილი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მოხდება მკვეთრი რეაგირება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, რათა მეორედ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს. სწორედ ჩვენი ეს რწმენა არის   მიზეზი იმისა, თუ რატომ არ ჩავთვალეთ ჩვენ ამ ეტაპზე საჭიროდ, რომ რაიმე სახის გართულება დაგვეწყო ჩვენი მხრიდან [ზემო აფხაზეთში], მაგრამ მე მინდა რომ ეჭვი არავის არ ეპარებოდეს ჩვენს შესაძლებლობებში და ჩვენს გადაწყვეტილებების უნარიანობაში”, – დასძინა პრეზიდენტმა


პრეზიდენტმა  ამ ”სამარცხვინო ოპერაციის” დამგეგმავების მისამართით განაცხადა, რომ  საქართველოს შესწევს ძალა ადეკვატური პასუხი გასცეს მსგავს ქმედებას.


”ვინც დაგეგმა ეს სამარცხვინო ოპერაცია და ვინც განახორციელა, მე მგონი მან ვერ გაათვითცნობიერა თუ რა შეიცვალა საქართველოს თავდაცვის უნარიანობაში ბოლო წლების განმავლობაში… 4-5 წლის წინ ჩვენ გვქონდა რაგატკები და ახლა გვაქვს საჰაერო დაცვის სისტემები. მაშინ იყო უიარაღო, ჩაუცმელი, უჭმელი არა მოტივირებული ჯარი … ახლა არის უმაღლესი სტანდარტების გაწვრთნილი აღჭურვილი და მომზადებული, 10-ჯერ უფრო მრავალრიცხოვანი შეიარაღებული ძალები. მაშინ იყო უსუსურობა, შიში და ახლა არის ძალა და გამბედაობა. მაშინ სათანადო პასუხის გაცემა იყო ტექნიკურად შეუძლებელი. ახლა ეს არის – მე მინდა ყველამ გავიაზროთ არა ტექნიკური საშუალებების საკითხი, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილებების თემა. ეს არის ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც რა თქმა უნდა ღმერთმა არ დაგვაჭიროს, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ქართველი ერი მზად არის მიიღოს ნებისმიერი გამოწვევა, ნებისმიერი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების გარშემო დაირაზმოს მშვიდობის შესანარჩუნებლად. მშვიდობის დასაცავად  და საქართველოს ღირსების და მთლიანობის დასაცავად”, – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.


მისი განცხადებით, გასული წლის ივლისში ზემო აფხაზეთში ჩატარებული ანტიკრიმინალური ოპერაცია საქართველოს  გაერთიანების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო, იმ ფონზე როდესაც იქ ”ზოგიერთ ადამიანს სურდა შეექმნა დაქუცმაცების ახალი კერა”.


”2006 წელი იყო საქართველოს გაერთიანების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი. ზემო აფხაზეთში საქართველოს სახელმწიფო კონტროლის აღდგენის წელიწადი. ის რაც ასე უხეთქავს გულს  საქართველოს მოწინააღმდეგეს, იმიტომ რომ საქართველოსთვის იყო გაწერილი სცენარები, როგორ უნდა მომხდარიყო გარიგება… მათ უნდოდათ რომ შეექმნათ იქ დაქუცმაცების ახალი კერა და ამის ნაცვლად, ნგრევის ნაცვლად მიიღეს კერა აღმშენებლობის და განვითარების. მათ უნდოდათ ბანდიტების ბოგინი იქ და მიიღეს ზემო აფხაზეთში გადასული აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა სოხუმში გზად მიმავალი”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button