skip to content
ახალი ამბები

რუსეთის ელჩი საქართველოს ნეიტრალიტეტს ურჩევს

რუსეთის ელჩი საქართველოში ვიაჩესლავ კოვალენკო კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს აირჩიოს ნეიტრალიტეტის კურსი ”რუსული ინტერესების გათვალისწინებით” და აცხადებს, რომ ნატოში საქართველოს შესაძლო წევრობა გაართულებს კონფლიქტების მოგვარებას. იგი ასევე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ”ზედმეტია სამშვიდობო ოპერაციების შეცვლაზე საუბარი”.


ეს განცხადებები ვიაჩესლავ კოვალენკომ გაზეთ ”ვრემია ნოვოსტეისთვის” მიცემულ ინტერვიუში გააკეთა, რომელიც 13 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც თბილისმა მოსკოვი კოდორის ხეობის დაბომბვაში დაადანაშაულა.


”საქართველოს რუსეთის მხრიდან საფრთხე არ ემუქრება… შესაძლოა, დამატებითი საერთაშორისო სამართლებრივი გარანტიებით გამყარებულ ნეიტრალიტეტს, რაზეც ქართულ საზოგადოებაში ბოლო დროს აქტიური პოლემიკა მიმდინარეობს, შეეძლოს სრულად გაითვალისწინოს ქართული ინტერესები და ასევე რუსეთის ინტერესები. საბოლოო ჯამში, ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს თავისი არჩევანი. მაგრამ ეს არჩევანი  უნდა იყოს არა ემოციური, არამედ აწონ-დაწონილი და პასუხისმგებლიანი”, – აცხადებს ვიაჩესლავ კოვალენკო.


მისი თქმით, ნატოში გაწევრიანება საქართველოს პრობლემებს ვერ მოუხსნის, რადგან ამას გაცილებით მეტი უარყოფითი შედეგი ექნება, ვიდრე დადებითი. თუმცა ელჩი აქვე დასძენს, რომ მოსკოვი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ ორიენტაციას.


”ძნელი წარმოსადგენია, რომ შეიძლება საქართველოს მოქალაქეების დარწმუნება იმაში, რომ ნატო გადაწყვეტს მათ მაგივრად პრობლემებს. ალბათ, ქართველებს შესწევთ უნარი აშენონ თავიანთი ქვეყანა დამოუკიდებლად… რომ არ იყოს ნატო, ქართველები რა არ იშრომებდნენ თავიანთი ქვეყნის საკეთილდღეოდ?”, – აცხადებს რუსეთის ელჩი.


იგი პირდაპირ აცხადებს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება კიდევ უფრო დააშორებს კონფლიქტების მოგვარებას.


”კონფლიქტებზე ვიტყვი ერთმნიშვნელოვნად: საქართველოს ნატოში შესაძლო გაწევრიანება მხოლოდ დააშორებს და გაართულებს მათ მოგვარებას. ეს გააღრმავებს სოხუმისა და ცხინვალის შიშს იმ მეთოდების მიმართ, რომელსაც თბილისი აპირებს, რომ მიმართოს და მიიყვანს საქართველოსგან დისტანცირებისაკენ ხალხებს, რომლებიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ცხოვრობენ. იქ შეიძლება გაძლიერდეს შეგრძნება, რომ საქართველო გათვლას კონფლიქტების ძალისმიერ მოგვარებაზე აკეთებს”, – აცხადებს კოვალენკო.


მისი თქმით, რუსეთი, რომელიც არა მხარე, არამედ შუამავალია, მაქსიმალურად მზადაა ხელი შეუწყოს კონფლიქტების მოგვარებას. კოვალენკო აცხადებს, რომ რუსი სამშვიდობოების კონფლიქტის ზონებიდან გასვლა სიტუაციის ”უკიდურესად გართულებას” გამოიწვევს.


”ასეთი საშიში პერსპექტივიდან გამომდინარე , დარწმუნებული ვარ, რომ სანამ არ მოხდება არსებითი ძვრა კონფლიქტების პოლიტიკურ მოგვარებაში, სანამ სრულად არ გამოირიცხება მათი ძალისმიერი გზით მოგვარების შესაძლებლობა, სამშვიდობო ფორმატის შეცვლის თაობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია”, – აცხადებს კოვალენკო.


”დიახ, საკითხის ასე დაყენებით, რუსეთი ატარებს თავის ეროვნულ ინტერესებს რეგიონში სტაბილურობის კუთხით, ამასთან იცის, რომ არავინ ამას მის მაგივრად არ გააკეთებს”, – დასძენს კოვალენკო.


მისი თქმით, თბილისმა უნდა შეცვალოს შეხედულება, რომ რუსეთი ბარიერს უქმნის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და გაიაზროს, რომ რუსეთს თავისი ინტერესები აქვს კავკასიაში უსაფრთხოების სფეროში.


”რუსეთი არ ეძებს რაიმე განსაკუთრებულ გავლენას ან პრივილეგიას საქართველოში. სტაბილურობისა და კეთილმეზობლობის კლიმატი ჩვენთვის სავსებით მისაღებია”, – აცხადებს კოვალენკო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button