skip to content
ახალი ამბები

ვერტმფრენის ჩამოვარდნას ეკიპაჟის სამივე წევრი ემსხვერპლა

დუშეთის რაიონში, ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი მი-24 ტიპის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ეკიპაჟის სამივე წევრი  – გიორგი ლონდარიძე, გაგა ტყემალაძე და სერგო ღვალაძე  – დაიღუპა, განაცხადა დღეს საგანგებო ბრიფინგზე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან ნიკოლეიშვილმა.


”კატასტროფის მიზეზი სავარაუდოდ გახლავთ რთული მეტეოროლოგიური პირობები, დანარჩენზე მიმდინარეობს გამოძიება და გაირკვევა დამატებით თუ რა მოხდა და როგორ მოხდა”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
 
მისი ინფორმაციით, შემთხვევა 12 მარტს 02:30 საათზე მოხდა მას შემდეგ, რაც ზემო კოდორის ხეობის დაბომბვის შემდეგ თავდაცვის სამინისტროს პირად შემადგენლობაში ყაზარმული მდგომარეობა გამოცხადდა.


”მათ შორის საჰაერო სამხედრო ძალებშიც და ვერტმფრენები ასრულებდნენ თავიანთ დავალებას, მიფრინავდნენ დასავლეთისკენ და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო მოხდა კატარსტროფა””, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.


მოგვიანებით უშიშროების საბჭოს სხდომაზე პრეზიდენტმა ასევე მწუხარება გამოთქვა ვერტმფრენის ჩამოვარდნისა და ეკიპაჟის სამივე წევრის დაღუპვის გამო.


”მოხდა ძალიან სამწუხარო ფაქტი, როდესაც დაბომბვა ხორციელდებოდა [კოდორში], სენაკში დასავლეთის მიმართულების გასამაგრებლად გაიგზავნა სამხედრო ვერტმფრენები და ერთ-ერთი იმის გამო, რომ უამინდობა იყო და ვერ გადალახა უღელტეხილი, უკან მობრუნებისას ჩამოვარდა და დაიღუპა ეკიპაჟის სამი წევრი”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ ამ ტიპის შემთხვევები თავიდან უნდა იქნეს აცილებული.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button