skip to content
ახალი ამბები

ბაღაფში ჟენევის მოლაპარაკებებში სოხუმის მონაწილეობის მიზანშეწონილობაზე საუბრობს

თვითგამოცხადებული აფხაზეთის ლიდერის სერგეი ბაღაფშის განცხადებით, თბილისის მხრიდან გალის რაიონში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობის ფონზე დგება აფხაზური მხარის ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიზანშეწონილობის საკითხი, იუწყება 6 თებერვალს ”აფსნიპრესი”.


ჟენევაში ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებები გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების ჯგუფის წარმომადგენელთა მონაწილეობით  12-13 თებერვალს იგეგმება.


ბაღაფში ასევე ეჭვის თვალით უყურებს ქართულ მხარესთან სხვა სახის ნებისმიერ კონტაქტს სანამ არ იქნებიან გათავისუფლებულები გალის რაიონის სოფელ ქვემო ბარღების ადმინისტრაციის უფროსი ფრიდონ ჩაკაბერია და გალის რაიონის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დავით სიგუა, რომელთა გატაცებასაც აფხაზური მხარე ”ქართულ სპეცსამსახურებს” უკავშირებს.


”საქართველოს მცდელობები მიმართული გალის რაიონში სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ, შიშის დათესვისა და რაიონის მცხოვრებთა აფხაზეთის რესპუბლიკის პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციის ხელის შეშლისკენ, საკმაოდ ნათელია”, – აცხადებს სერგეი ბაღაფში.


მან ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის მოადგილესთან ივო პეტროვთან სოხუმში გამართული შეხვედრის დროს ისაუბრა. 


იმავდროულად, 6 თებერვალს სერგეი ბაღაფშმა გალის რაიონის მოსახლეობას სპეციალური მიმართვა გაუგზავნა, სადაც შეშფოთებას  გამოთქვამს ქართული მხარის მიერ აფხაზეთის თვითმმართველობისა და საპარლამენტო არჩევნების წინ რაიონში სიტუაციის დაძაბვის გამო.

მიმართვაში ბაღაფში ასევე აცხადებს, რომ არჩევნებმა კიდევ უნდა გააღრმავოს გალის ქართული მოსახლეობის ინტეგრაცია საერთო აფხაზურ სივრცეში. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button