skip to content
ახალი ამბები

რუსეთის ელჩი გაეროში საგაზეთო ინტერვიუში აფხაზეთზე საუბრობს

რუსეთის ელჩმა გაეროში ვიტალი ჩურკინმა რუსულ გაზეთ ”კომერსანტში” 29 იანვარს გამოქვეყნებულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ”გარკვეული დადებითი ძვრები” შეინიშნება აფხაზეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ”მაგრამ ჩვენ ასევე ვფიქრობთ, რომ ადრეა იმის თქმა, რომ საქართველომ სრულად შეასრულა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის დებულებები”.


მან პოზიტიურ მოვლენებს შორის დაასახელა ზემო კოდორის ხეობაში გაეროს დამკვირვებლების და რუსი სამშვიდობოების მიერ ერთობლივი მონიტორინგის განახლება. თუმცა, იქვე დასძინა, რომ მონიტორინგი მხოლოდ ორჯერ განხორციელდა და ინსპექტირება რეგულარულად უნდა გაგრძელდეს.


ჩურკინმა ასევე აღნიშნა, რომ ბოლო დროს ქართული მხარე ”მეტი პატივისცემით” ეპყრობა კონფლიქტის ზონაში მყოფ რუს სამშვიდობოებს.  


რუსმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ორივე პოზიტიური ტენდენცია არის აფხაზეთის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ 2006 წლის ოქტომბერში მიღებული რეზოლუციის შედეგი.


რუსეთის ელჩმა გაეროში ასევე განაცხადა, რომ საქართველომ უნდა გაიყვანოს თავისი 500 სამართალდამცავი ზემო კოდორი ხეობიდან. მისი თქმით, ეს ძალა შესაძლოა ”თავდასხმისთვის” იქნას გამოყენებული.


ზემო კოდორის ხეობაში დეკემბრის შუა რიცხვებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 250 ფორმიანი წარმომადგენლის ყოფნა ზემო კოდორის ხეობაში, იტყობინება საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისია.


რუსეთის ელჩმა ასევე განაცხადა, რომ თბილისმა უნდა შეწყვიტოს აფხაზეთის დევნილი მთავრობის მხარდაჭერა.


”კომერსანტის” ჟურნალისტი ეკითხება რუს დიპლომატს: ” არსებობს თუ არა გაეროს უშიშროების საბჭოსადმი გენერალური მდივნის მოხსენებაში რაიმე მითითება – შეიძლება არაპირდაპირი – ურთიერთკავშირზე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის საბოლო მოგვარებასა და კოსოვოს სტატუსის შესაძლო მოგვარებაზე?”


”ეს მართალია. ეს ასპექტი უშიშროების საბჭოს საკონსულტაციო შეხვედრაზეც იქნა განხილული. ნათელია, და ჟან არნომაც [გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში] დაადასტურა, რომ თბილისი გარკვეულწილად შეშფოთებულია კოსოვოს საკითხის მოგვარების პრეცედენტის გამო”, – განაცხადა ჩურკინმა.


გაეროს გენერალური მდივნის 11 იანვრით დათარიღებულ მოხსენებაში, რომელიც ბოლო სამი თვის მანძილზე აფხაზეთში მომხდარ მოვლენებს ეხება, კოსოვო მოხსენიებულია მხოლოდ ერთხელ, როდესაც საუბარია თბილისის მიერ კონტროლირებად ზემო კოდორის ხეობაზე.    


”თავის მხრივ, საქართველოს მთავრობა ხაზს უსვამს, რომ პოლიციის განთავსება ზემო კოდორის ხეობაში და აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთავრობის იქ ყოფნა არ ეწინააღმდეგება 1994 წლის მოსკოვის შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების თაობაზე. გარდა ამისა, ქართული მხარე მიიჩნევს, რომ მაშინ როცა ეს ფაქტი შესაძლოა მიუღებელი იყოს აფხაზური მხარისთვის, ეს საჭიროა, რათა თავიდან იქნას აცილებული აფხაზეთის აღიარება, კერძოდ ამჟამად კოსოვოს სტატუსის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებების კონტექსტში”, – ნათქვამია მოხსენებაში.


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button