skip to content
ახალი ამბები

ლავროვი ურანის კონტრაბანდის საქმეს “პროვოკაციას“ უწოდებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დაგმო ქართველი სამართალდამცავების მიერ გასულ წელს რუსეთის მოქალაქის დაპატიმრების ფაქტი, რომელიც გამდიდრებული ურანის გაყიდვას ცდილობდა და მას “პროვოკაცია“ უწოდა, იტყობინებიან რუსული საინფორმაციო სააგენტოები.


“იმ ფაქტების საფუძველზე, რომლებიც მე გამაჩნია, შემიძლია განვაცხადო, რომ ეს პროვოკაციაა“, – განუცხადა ლავროვმა 26 იანვარს ჟურნალისტებს ვლადივოსტოკში სტუმრობისას.


“უმჯობესია, რომ ამგვარი პრობლემები ექსპერტებმა მოაგვარონ… ეს ერთი წლის წინ მოხდა. როგორც მე მესმის, რუსეთის მოქალაქე აშშ-ს სპეცსამსახურის მონაწილეობით დააკავეს“, – განაცხადა ლავროვმა.


მან დაგმო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებები იმის თაობაზე, რომ მოსკოვმა უარი თქვა თანამშრომლობაზე 100 გრამი გამდიდრებული ურანის რუსეთიდან საქართველოში სამხრეთ ოსეთის გავლით შემოტანის მცდელობის გამოძიების საქმეში.


რუსეთის მოქალაქე ოლეგ ხინცაგოვი და მისი სამი ქართველი თანამზრახველი ქართველმა სამართალდამცავებმა თბილისში გასული წლის იანვარში დააკავეს. ამჟამად, ისინი საქართველოს ციხეში იხდიან სასჯელს.


“ჩვენი ექსპერტები უშიშროების ფედერალური სამსახურიდან და როსატომიდან [რუსეთის ბირთვული ენერგიის ფედერალური სააგენტო] ჩავიდნენ თბილისში, შეხვდნენ იმ მოქალაქეს [ხინცაგოვს], თუმცა მან რაიმე გასაგები აზრის ჩამოყალიბება ვერ შეძლო“, – განაცხადა ლავროვმა.


ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსულმა მხარემ ვერ მიიღო ქართული მხარისგან ნივთიერების დამატებითი ნიმუშები, რამაც ხელი შეუშალა რუს ექსპერტებს შესაბამისი ანალიზი ჩაეტარებინათ.


რუსეთის ფედერალური ატომური ენერგიის სააგენტოსთან არსებული არაორგანული ნივთიერებების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ იგორ შკაბურამ 26 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა მხარემ გაუგზავნა რუსეთს ურანის ნიმუშები, მისი რაოდენობა ძალიან მცირე იყო, რის გამოც შეუძლებელი გახდა ურანის წარმომავლობის ქვეყნის დადგენა.


“ჩვენ ასევე მივმართეთ აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტს თხოვნით დაგვხმარებოდნენ ნივთიერების მეტი ნიმუშების მოპოვებაში“, – განაცხადა ლავროვმა.


“ვიმედოვნებ, რომ ეს საქმე არ არის პოლიტიკური პროვოკაციის მოწყობის მცდელობა. თუ მათ [ქართულ მხარეს] სურთ გაერკვიონ სიტუაციაში, ჩვენ მზად ვართ დასახმარებლად“, – დასძინა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button