ახალი ამბები

თბილისი განმუხურის ინციდენტის შემდეგ რუსი სამშვიდობოების კრიტიკას აძლიერებს

საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში, ქართულ სოფელ განმუხურის პოლიციის საგუშაგოზე შეიარაღებული თავდასხმის გამო რუსი სამშვიდობოები “უმოქმედობაში“ დაადანაშაულა. 5 იანვარს გამთენიისას მომხდარი ინციდენტის შედეგად ერთი ქართველი პოლიციელი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაიჭრა.


“თავდასხმა განხორციელდა უსაფრთხოების ზონაში, რომელსაც აკონტროლებენ რუსეთის სამშვიდობო ძალები და რომლებმაც არაფერი მოიმოქმედეს მის [თავდასხმის] აღსაკვეთად. ამის შედეგად სახეზეა კონფლიქტის მხარეთა შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის უხეში დარღვევა, რაც რუსი სამშვიდობოების მიერ მათივე მანდატით გათვალისწინებული ძირითადი ვალდებულების შეუსრულებლობითაა განპირობებული“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 5 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში.


“აღნიშნულ ინციდენტს ქართული მხარე განიხილავს როგორც კარგად დაგეგმილ, მიზანმიმართულ პროვოკაციას, რომელიც ემსახურება კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის შემდგომ ესკალაციას, რამაც შეიძლება საკმაოდ მძიმე შედეგამდე მიგვიყვანოს“, – ნათქვამია განცხადებაში. 


5 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი მანჯგალაძე საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის წარმომადგენლებს შეხვდა და მისიის მიერ სრულფასოვანი მოკვლევის ჩატარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.


იმავე დღეს მანჯგალაძე შეხვდა გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების ჯგუფის (აშშ, რუსეთის ფედერაცია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია) საქართველოში აკრედიტებული მისიების წარმომადგენლებს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მათ ინფორმაცია მიაწოდა  განმუხურში მომხდარი ინციდენტის თაობაზე და ადექვატური რეაგირებისკენ მოუწოდა.


სოხუმმა კატეგორიულად უარყო ბრალდებები იმის თაობაზე, რომ ქართული პოლიციის საგუშაგოზე თავდასხმა აფხაზურმა მხარემ მოაწყო. გალის რაიონის აფხაზური პოლიციის უფროსმა ლორენს კოღონიამ 5 იანვარს განაცხადა, რომ ქართველი პოლიციელი ზუგდიდის რაიონში ქართულ კრიმინალურ დაჯგუფებასთან შეტაკების დროს დაიღუპა.


მოგვიანებით აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა გალის რაიონში რუსლან ქიშმარიამ განაცხადა, რომ პოლიციის საგუშაგოზე თავდასხმა  ქართულმა სპეცსამსახურებმა მოაწყვეს კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის გაღვივების მიზნით, რათა შემდეგ გალის რაიონში შესაძლო შემოჭრისთვის გამართლება მოეძებნათ.


ქართული მედიის ცნობით, განმუხურის საგუშაგოზე თავდასხმა აფხაზური შეიარაღებული დაჯგუფებების შურისძიება იყო დეკემბრის ბოლოს გალის რაიონში ორი გავლენიანი აფხაზი სამართალდამცავის მკვლელობის საპასუხოდ. სოხუმმა ქართული მხარე დაადანაშაულა 25–სა და 26 დეკემბერს ოთარ ტურნანბას და ალიკ ხიშბას მკვლელობის დაგეგმვაში. თუმცა, თბილისმა ეს ბრალდებები უარყო.


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი 5 იანვარს კონფლიქტის ზონაში ჩავიდა და სოფელ განმუხურს ესტუმრა.


“როგორც წესი, ამგვარი თავდასხმების დროს მსხვერპლი უფრო დიდია, მაგრამ ჩვენი პოლიციელები არ დაიბნენ. დანაყოფს კვლავ საბრძოლო განწყობა აქვს და ისინი კვლავაც იგივე სითამამით აგრძელებენ ამ პოზიციების დაცვას“, – განუცხადა მერაბიშვილმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, თავდასხმა აფხაზეთის ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა განახორციელეს. სეპარატისტებმა ანტიტერორისტული ცენტრი შარშან შექმნეს.

“ჩვენთვის ცნობილია ოპერატიული ინფორმაცია თავდასხმელთა ვინაობის შესახებ და კატეგორიულად მოვითხოვთ აფხაზური მხარისაგან მათ გადმოცემას… ჩვენ ასევე ვთხოვთ გაეროს დამკვირვებელთა მისიას შესაბამისი შეფასება მისცეს ინციდენტს და დაადასტუროს, რომ აფხაზმა აგრესორებმა გაუხსნეს ცეცხლი ჩვენს საგუშაგოს”, – განაცხადა შს მინისტრმა.

მერაბიშვილის განცხადებით, საპასუხო ცეცხლის შედეგად დაიჭრა ერთი თავდამსხმელი, რომელიც დაუყოვნებლივ გაარიდეს შემთხვევის ადგილს, რათა ეს ფაქტი არ გახმაურებულიყო.

შსს–ს ინფორმაციით, საგუშაგოზე თავდასხმისას მოწინააღმდეგის მხრიდან გამოყენებული იქნა ყუმბარმტყორცნები და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.


ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის ცნობით, ის ქართველი პოლიციელები, რომლებიც აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში საგუშაგოებზე მსახურობენ, ღამის ხედვის ხელსაწყოებით აღიჭურვებიან. 

Back to top button