skip to content
ახალი ამბები

ბაღაფში სამშვიდობო ოპერაციაზე კომენტარს აკეთებს

აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა 29 ნოემბერს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ სოხუმი კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოების საერთაშორისო საპოლიციო ძალებით ჩანაცვლების წინააღმდეგი იქნება, იტყობინება “აფსნიპრესი“.


“ჩვენ წინააღმდეგი ვართ საქართველოს და რომელიმე სხვა ქვეყნის სურვილისა რუსი სამშვიდობოები სხვა სახის შერეული, საერთაშორისო სამშვიდობო ძალებით ჩაანაცვლოს“, – განაცხადა ბაღაფშმა.


მან იქვე დასძინა, რომ კონფლიქტის ზონიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანის შემთხვევაში საქართველოსთან ადმინისტრაციულ საზღვარზე აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და დნესტრისპირეთის ერთობლივი სამშვიდობო შენაერთი განთავსდება. 


აფხაზეთის ლიდერის განცხადებით, შესაბამის შეთანხმებას აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და დნესტრისპირეთის ლიდერებმა 2006 წლის ივნისში სოხუმში მიაღწიეს.


მან ასევე აღნიშნა, რომ ამჯერად სოხუმი მზად არის მოლაპარაკებები გამართოს თბილისთან მხოლოდ ზემო კოდორის ხეობიდან ქართული შენაერთების გაყვანის თაობაზე.  


“მხოლოდ ამის შემდეგ ჩვენ განვაახლებთ მოლაპარაკებებს თბილისთან არსებულ ფორმატში“, – განაცხადა ბაღაფშმა.


მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ აფხაზური მხარე გალში გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის გახსნის და გაეროს საპოლიციო კომპონენტის შემოღების წინააღმდეგია.


“გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისი უკვე ფუნქციონირებს სოხუმში და არ მიგვაჩნია საჭიროდ დამატებითი ოფისების გახსნა“, – განაცხადა ბაღაფშმა.


მისი თქმით, საქართველო ცდილობს საერთაშორისო ორგანიზაციები და დასავლეთის სახელმწიფოები ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების პროცესში ჩართოს.


“მედიაში გავრცელებული პუბლიკაციებით თუ ვიმსჯელებთ, უკვე თავად ჯორჯ ბუში ჩაერთო ამ პროცესში. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოაგვარა ერაყის, ირანის და ავღანეთის საკითხი და მხოლოდ აფხაზეთიღა დარჩა“, – განაცხადა ბაღაფშმა. 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button