skip to content
ახალი ამბები

დეპუტატები შემოსავლების სამსახურის შექმნაზე მსჯელობენ

საქართველოს პარლამენტმა 24 ნოემბერს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის, საბაჟო სამსახურის და ფინანსური პოლიციის ერთ სტრუქტურად – შემოსავლების სამსახურად ჩამოყალიბების თაობაზე მთავრობის კანონპროეტის განხილვა დაიწყეს.


ეს წინადადება პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივის ნაწილია, რომელმაც 2006 წლის აგვისტოში განაცხადა, რომ ხელისუფლებამ სახელმწიფოსა და მეწარმეებს შორის “ფინანსური ურთიერთობების დეკრიმინალიზაცია“ უნდა მოახდინოს. ეს განცხადება ფინანსური პოლიციის ძალაუფლების შემცირების მცდელობად იქნა აღქმული, რომელიც ოპოზიციონერ კანონმდებელთა თქმით, “ბიზნესის დატერორების“ იარაღია.


24 ნოემბერს საპარლამენტო განხილვის დროს ფინანსთა სამინისტროს მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი ოპოზიციონერმა კანონმდებლებმა გააკრიტიკეს. მათი თქმით, ახალი სტრუქტურა თავისი სამართალდამცავი სტატუსით ვერ დაეხმარება სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის ურთიერთობების დეკრიმინალიზაციას. 


დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან განაცხადეს, რომ კანონპროექტი დახვეწას საჭიროებს, თუმცა აქვე აღნიშნეს, რომ ახალმა სამსახურმა გადასახადების აკრეფის პროცესი უნდა გააუმჯობესოს და გაამარტივოს.


“გადასახადის გადამხდელს, პატიოსან გადამხდელს, განსაკუთრებით იმპორტიორს, ბევრად უფრო გაუადვილდება საქმე დაიჭიროს გაერთიანებულ სამსახურთან, ვიდრე ცალკე საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტებთან. მეორეს მხრივ, სახელმწიფოს უფრო გაუადვილდება გამოავლინოს გადასახადების არგადამხდელები და მათ წინააღმდეგ შესაბამისი ზომები გაატაროს. ეს არის ამ წინადადების არსი“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა გოცირიძემ პარლამენტის სხდომაზე კანონპროექტის განხილვისას.


“ამ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში რაიმე ეფექტს გადასახადის გადამხდელისთვის მე პირადად არ ველოდები. ამ წინადადების მთავარი მიზანია ადმინისტრაციული რესურსების გაძლიერება გადასახადების ადმინისტრირების ეფექტურობის გაზრდის მიზნით“, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა.


“მაგრამ ამავე დროს კანონპროექტში აუცილებლად უნდა გაიმიჯოს ერთიანი შემოსავლების სამსახურში შემავალი სამსახურების ფუნქციები და კომპეტენციები… კანონპროექტის ავტორები იზიარებენ ამ პოზიციას და აცხადებენ, რომ გაითვალისწინებენ მას მეორე მოსმენით განხილვების დროს“, – დასძინა ბეჟაშვილმა.


“პოლიციური ფუნქციები, რომლებიც ენიჭება ახალ სამსახურს, დეტალურად უნდა განისაზღვროს და მეორე მოსმენის დროს გადამწყვეტი ფაქტორი გახდეს. ასეთი დათქმით ჩვენ თანახმა ვართ, რომ ვუყაროთ კენჭი კანონპროექტს პირველი მოსმენით“, – განაცხადა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკო ლეკიშვილმა.


ოპოზიციონერი დეპუტატები ფინანსური პოლიციის ძალაუფლების შეკვეცას ითხოვდნენ. 


“ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთიანი სტრუქტურის შექმნის იდეას… თუმცა, ფინანსური პოლიციის ძალაუფლება უნდა შემცირდეს. ამის რეკომენდაციას იძლევა მარტ ლაარი [ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ეკონომიკური რეფორმების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველია], მაგრამ თქვენ ამ რეკომენდაციის საწინააღმდეგოს აკეთებთ და ფინანსურ პოლიციას ძალაუფლებს უზრდით“, – განაცხადა მრეწველთა ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ.


“ფინანსური პოლიცია ხელისუფლების ხელში არსებული რეკეტის განსახორციელებელი იარაღია … ეს არის რეალობა და ჩვენ თვალი არ უნდა დავხუჭოთ ამ რეალობაზე… პრეზიდენტმა სააკაშვილმა თვითონ განაცხადა, რომ სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის ურთიერთობების დეკრიმინალიზაცია პრიორიტეტს წარმოადგენს. თუმცა, ეს არ აისახა ამ კანონპროექტში“, – განაცხადა დეპუტატმა კახა კუკავამ კონსერვატიული პარტიიდან.


“ჩვენს მიერ განსახილველი საკითხი ეხება იმას, ჩვენ გვინდა გვყავდეს შეშინებული ბიზნესი თუ მოტივირებული ბიზნესმენები. პირველ ვარიანტს მხოლოდ მოკლევადიანი ეფექტი ექნება გადასახების აკრეფის თვალსაზრისით, რასაც ვერ მოყვება ბიზნესის მდგრადი განვითარება გრძელვადიან პერსპექტივაში“, – განაცხადა დეპუტატმა ირაკლი იაშვილმა ახალი მემარჯვენეებიდან.  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button