skip to content
ახალი ამბები

ბარანკევიჩი ოქრუაშვილის ეკონომიკის მინისტრად გადაყვანაზე კომენტარს აკეთებს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის ანატოლი ბარანკევიჩის განცხადებით, 10 ნოემბერს ირაკლი ოქრუაშვილის თავდაცვიდან ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელად გადაყვანას ცხინვალისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, რადგან საქართველო “სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალისმიერი აქციისაგან უარს მაინც არ იტყვის“.


“აშშ–ს თავდაცვის მდივნის დონალდ რამსფელდის გადაყენების კვალდაკვალ მოხსნეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი. პირველი ვერ გაუმკლავდა ერაყში პრობლემებს, მეორემ კი ვერ შეძლო სამხრეთ ოსეთის პრობლემის მოგვარება. ირაკლი ოქრუაშვილისათვის ეკონომიკური პრობლემების მოგვარება ისეთივე პრობლემური იქნება, როგორც ახალი წლის ცხინვალში აღნიშვნა“, –  იუწყება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ბარანკევიჩის სიტყვებზე დაყრდნობით.


ერთ–ერთი ვერსიით, ოქრუაშვლის თავდაცვის მინისტრობიდან გადაყენების მიზეზი სამხრეთ ოსეთზე კონტროლის აღდგენის ვადებზე მისი კატეგორიული განცხადებები გახდა. 2006 წლის მაისში ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ იგი თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადადგება, თუ საქართველო სამხრეთ ოსეთს 2007 წლის 1 იანვრისთვის ვერ დაიბრუნებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button