skip to content
ახალი ამბები

თბილისი და ცხინვალი ერთმანეთს ადანაშაულებენ

საქართველოს ოფიციალურმა პირებმა დეზინფორმაცია უწოდეს სამხრეთ ოსეთში მომხდარი შეტაკების შესახებ ინფორმაციას, რომლის დროსაც ოთხი ადამიანი დაიღუპა. ოფიციალურმა ცხინვალმა კი განაცხადა, რომ აღარ აპირებს თბილისთან მოლაპარაკებებს და ქართული მხარე “სახელმწიფო ტერორიზმში“ დაადანაშაულა.


სამხრეთ ოსეთის მხარის განცხადებით, 31 ოქტომბერს გამთენიისას ჯავის რაიონის სოფელ სინაგურთან მომხდარი შეტაკებისას “ლიკვიდირებულ იქნა კარგად შეიარაღებული ოთხკაციანი ქართული დივერსიულ-ტერორისტული ჯგუფი“.

მაგრამ მოგვიანებით, სამხრეთ ოსეთის მხარემ განაცხადა, რომ ჯგუფი ჩეჩნური წარმოშობის იყო, რომელთაც თვითგამოცხადებულ რეგიონში ქართველების კონტროლირებადი ტერიტორიიდან შეაღწიეს.

რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიამ “როსია” გადასცა კადრები შეტაკების ადგილიდან, რომელშიც ჩანდნენ გარდაცვლილი ადამიანები, უცნობი ასაფეთქებელი ნივთიერებები, კალაშნიკოვის ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები და წიგნები, რომელსაც კომენტატორმა, ‘ვაჰაბისტური ლიტერატურა’ უწოდა.  

“ჩვენ ახლა ვცდილობთ დავადგინოთ ამ კრიმინალების ვინაობა”, – განუცხადა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკოლაი დოლგოპოლოვმა რუსულ ტელეკომპანიას.


“მე ვადასტურებ, რომ დღეს სამხრეთ ოსეთის ჯავის რაიონში განადგურებული იქნა ქართული დივერსიული ჯგუფი 4 კაცის შემადგენლობით, რომელიც გეგმავდა რიგი ტერაქტების განხორციელებას სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის თაობაზე [12 ნოემბერს] დაგეგმილი რეფერენდუმის წინ, მათ შორის იგეგმებოდა დივერსიები სატრანსპორტო მაგისტრალებზე, რომელიც სამხრეთ ოსეთს რუსეთთან აკავშირებს“, – განუცხადა სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა “ინტერფაქსს“.


მან განაცხადა, რომ აღარ აპირებს მოლაპარაკებები გამართოს ‘ტერორისტულ სახელმწიფოსთან’.


ქართული მხარე პრეზიდენტ სააკაშვილის და ედუარდ კოკოითის ბაკურიანში შეხვედრის ინიციატივით 27 ოქტომბერს გამოვიდა მხარეებს შორის ნდობის გაზრდის მიზნით.


30 ოქტომბერს კოკოითმა განაცხადა, რომ ის მზად არის შეხვდეს პრეზიდენტ სააკაშვილს იმ პირობით, თუ ხელი მოეწერება შეთანხმებას ცეცხლის განუახლებლობის შესახებ.

სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული ქართული სამშვიდობო ბატალიონის მეთაურმა პაატა ბედიანაშვილმა განაცხადა, რომ ის ვერ დაადასტურებს შეტაკების შესახებ ინფორმაციას, რადგანაც მომხდარის ადგილი სამშვიდობოთა პასუხისმგებლობის ზონის გარეთ მდებარეობს. 


“ეს სოფელი კონფლიქტის ზონის გარეთ მდებარეობს, ამრიგად, მე ვერც ვადასტურებ, ვერც ვუარყობ ამ ინფორმაციას. ჩვენ არ ვიცით რა მოხდა, ან იყვნენ თუ არა იქ ქართველები“, – განუცხადა ბედიანაშვილმა “სივილ ჯორჯიას“ 31 ოქტომბერს სატელეფონო საუბრისას. 


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა განაცხადა, რომ ინფორმაცია შეტაკების თაობაზე “დეზინფორმაციაა“.


“რატომღაც ამ ბოლო დროს ჩნდება ასეთი დეზინფორმაციები. ვიღაცა ცდილობს  სიტუაციის დაძაბვას რეგიონში, ჩვენ ინტერესში ეს არ შედის. ჩვენ ვაპირებთ ამ პრობლემების [კონფლიქტების] გადაწყვეტას მშვიდობიანად“, – განუცხადა ბეჟუაშვილმა ჟურნალისტებს 31 ოქტომბერს მოსკოვში გამგზავრებამდე, სადაც ის თავის რუს კოლეგასთან სერგეი ლავროვთან გამართავს მოლაპარაკებებს.

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი აცხადებს, რომ თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთში “წინასაარჩევნო ისტერიამ პიკს მიაღწია”, რამაც განაპირობა “ყალბი ინფორმაციის გავრცელება”.


ინფორმაცია ჯავის რაიონში მომხდარი შეტაკების თაობაზე დამოუკიდებელი წყაროებიდან არ არსებობს.


ბოლო დღეების განმავლობაში სამხრეთ ოსეთის მხარე ინტენსიურად იტყობინებოდა თბილისიდან “მოსალოდნელ პროვოკაციებზე“, რაც მიზნად ისახავდა 12 ნოემბერს დაგეგმილი რეფერენდუმის და არჩევნების ჩაშლას.


ამასობაში, ქართულმა მხარემ კონფლიქტის ზონაში განლაგებული ქართული სამშვიდობო ძალების როტაცია განახორციელა. შერეული სამშვიდობო ძალები რუსულ, ოსურ და ქართულ ბატალიონებს აერთიანებს და თითოეულ მხარეს უფლება აქვს მაქსიმუმ 500 სამშვიდობო იყოლიოს კონფლიქტის ზონაში.


შერეული სამშვიდობო ძალების რუსეთის სარდლობამ ქართული მხარე როტაციის ვადების დარღვევაში დაადანაშაულა.


სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული ქართული სამშვიდობო ძალების სარდალი პაატა ბედიანაშვილი აცხადებს, რომ 30 ოქტომბერს განხორციელებული როტაციის შედეგად ქართული სამშვიდობო კონტიგენტის რაოდენობა დადგენილ კვოტაზე – 500 კაცზე  – ნაკლებია.  რუსი სამშვიდობოები აცხადებენ, რომ ქართულ მხარეს ამჟამად 423 სამშვიდობო ჰყავს განლაგებული სოფლებში ნიქოზი, აჩაბეთი და ერედვი.

მსგავსი/Related

Back to top button