skip to content
ახალი ამბები

მოსკოვი და სოხუმი გაეროს რეზოლუციას მიესალმებიან

რუსეთისა და თვითგამოცხადებული აფხაზეთის ოფიციალური წარმომადგენლები მიესალმნენ 13 ოქტომბერს აფხაზეთის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციას, სადაც კოდორის ხეობასთან მიმართებაში თბილისის “პროვოკაციულ ქმედებებზე“ და კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოების “მასტაბილიზირებელ როლზეა“ საუბარი.


“რეზოლუციაში აისახა რუსეთის ყველა ძირითადი მოთხოვნა, რომელიც ფაქტებს ეყრდნობა“, – იუწყება 13 ოქტომბერს “რია ნოვოსტი“ რუსეთის საგარეო საქმეთა მანისტრის სერგეი ლავროვის სიტყვებზე დაყრდნობით.


თვითგამოცხადებული აფხაზეთის ლიდერის სერგეი ბაღაფშის განცხადებით, სოხუმისთვის სრულიად მისაღებია რეზოლუცია.


“როგორც იქნა აფხაზეთმა იხილა გაეროს უშიშროების საბჭოს სამართლიანი რეზოლუცია და ჩვენ კმაყოფილი ვართ, რომ უშიშროების საბჭომ რეალურად შეფასა ზემო კოდორის ხეობაში შექმნილი სიტუაცია და გააკრიტიკა საქართველოს მადესტაბილიზებელი როლი“, – იუწყება “აფსიპრესი“ ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით.


13 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ თბილისის “თავდასხმები“ რუს სამშვიდობოებზე “დისონანსში“ მოდის გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პათოსთან.


სერგეი ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ კოდორის ხეობის პატრულირება რუსი სამშვიდობოებისა და გაეროს დამკვირვებელთა მიერ რეგულარურად მოხდება და მოუწოდა 12 ოქტომბერს ჩატარებული მონიტორინგის
შედეგად აღმოჩენილი შეიარაღება “დაუყოვნებლივ იქნას“ გატანილი ხეობიდან.


რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, მნიშვნელოვანია ასევე რეზოლუციის ის ნაწილი, რომელიც მხარეებს ძალის არ გამოყენების თაობაზე შეთანხმებისაკენ მოუწოდებს.


“ახლა, როცა ხმა აიმაღლა გაეროს უშრიშროების საბჭომ, ვფიქრობ, რომ ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ამას თვალყურს ვადევნებთ, მათ შორის გაეროს მაკონტროლებელი მექანიზმების მეშვეობითაც“, – განაცხადა ლავროვმა.


მიხეილ სააკაშვილმა ამ საკითხთან დაკავშირებით თბილისის პოზიცია გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან 22 სექტემბერს გაახმოვანა. მისი თქმით, თბილისი ცეცხლის განუახლებლობის შესახებ შეთანხმებას მას შემდეგ მოაწერს ხელს, რაც აფხაზეთში საერთაშორისო საპოლიციო ძალების ჩანაცვლება მოხდება.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button