skip to content
ახალი ამბები

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველო დაპატიმრებულ რუს ოფიცრებს ეუთოს გადასცემს

საქართველო დაპატიმრებულ ოთხ რუს ოფიცერს 2 ოქტომბერს ეუთოს გადასცემს, იტყობინება Associated Press-ი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე ვანო ნონიაშვილზე დაყრდნობით.


თუმცა, მოგვიანებით ნონიაშვილმა კომენტარზე უარი განაცხადა.


“მე არაფერი არ ვიცი ამის თაობაზე”, – განუცხადა მან “სივილ ჯორჯიას”.


“როიტერი” იტყობინება “საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ წარმომადგენელზე” დაყრდნობით, რომ “დღეს გაიმართება ეუთოს მოქმედი თავმჯდომარისთვის რუსი ოფიცრების გადაცემის ცერემონია”.


ვანო ნონიაშვილმა მხოლოდ ის დაადასტურა, რომ ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი კარელ დე გუხტი 2 ოქტომბერს თბილისში ჩამოვა და რომ ადგილობრივი დროით 3:30 საათზე დაგეგმილია კარელ დე გუხტის და პრეზიდენტ სააკაშვილის პრეს-კონფერენცია.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ასევე უარი განაცხადა კომენტარი გაეკეთებინა რუსი ოფიცრების შესაძლო გადაცემასთან დაკავშირებით.  


შესაძლო გადაცემის დეტალები, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებულ დაპირისპირებას მოაგვარებს, კვლავ უცნობი რჩება.


ადრე ოფიციალურმა თბილისმა განაცხადა, რომ საქართველომ შესაძლოა მხოლოდ დაპატიმრებული რუსი ოფიცრები გადასცეს რუსულ მხარეს, თუ ამის გაკეთებას საქართველოს დასავლელი პარტნიორები სთხოვენ.


“მათ [რუსეთის ხელისუფლებას] მხოლოდ ერთადერთი რესურსი დარჩათ: დაარწმუნონ ჩვენი უცხოელი მეგობრები იმაში, რომ [გვირჩიონ] გამოვიჩინოთ კეთილი ნება და ეს ადამიანები [ჯაშუშობაში ეჭვმიტანილები] უბრალოდ გავაძევოთ ქვეყნიდან“,  – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა 29 სექტემბერს.


ჯაშუშობის გარშემო სკანდალი 27 სექტემბერს დაიწყო, როდესაც ქართველმა სამართალდამცავებმა ჯაშუშობის ბრალდებით ოთხი რუსი ოფიცერი და საქართველოს თერთმეტი მოქალაქე დააპატიმრეს.


თბილისის საქალაქო სასამართლომ 29 სექტემბერს ოთხ რუს ოფიცერს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. რუსი ოფიცრების ადვოკატებმა უკვე გაასაჩივრეს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button