skip to content
ახალი ამბები

ცხინვალის რეგიონი უცხოელი ელჩების პოზიციით უკმაყოფილოა

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ 12 სექტემბერს უცხოელი დიპლომატების ჯგუფი გააკრიტიკა, რომელთაც 3 სექტემბრის ვერტმფრენის ინციდენტთან დაკავშირებული უარყოფითი პოზიცია დააფიქსირეს.


საქართველოში ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის და აშშ-ს ელჩები 12 სექტემბერს ცხინვალში სამხრეთ ოსეთის ლიდერს ედუარდ კოკოითს შეხვდნენ. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიოდა საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელი როი რივი.


სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტმა შეხვედრას “დაძაბული“ უწოდა, რომელზეც მხარეებმა “რაიმე კონსტრუქციულ შედეგებს“ ვერ მიაღწიეს.


“თავის გამოსვლაში დიპლომატების ჯგუფმა დაგმო სამხრეთ ოსეთის მხარის მიერ ქართული ვერტმფრენისთვის ცეცხლის გახსნის ფაქტი, რომელშიც სავარაუდოდ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი იჯდა და მას სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაცია მისცა“, – იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.


სამხრეთ ოსეთის მხარე, ასევე რუსეთის ოფიციალური პირები, თბილისს 3 სექტემბრის ინციდენტის პროვოცირებაში ადანაშაულებენ. მოსკოვი და ცხინვალი 2002 წლის შეთანხმებას იხსენებენ, რომელიც კრძალავს “უკანონო“ ფრენებს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის საჰაერო სივრცეში.


“ჩვენ მთავარ პრიორიტეტად მიგვაჩნია ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა, მიუხედავად მათი წარმომავლობისა და ამიტომ, ქართული მხარის აგრესიული განცხადებები იმის თაობაზე, რომ ისინი სამხრეთ ოსეთის პრობლემის მოგვარებას 24 საათის განმავლობაში გეგმავენ, გვაიძულებს მუდმივ მზადყოფნაში ვიყოთ მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის. ქართული მხარის უარი ხელი მოაწეროს ცეცხლის განუახლებლობის შესახებ შეთანხმებას გვაიძულებს ამგვარი პოზიცია დავიკავოთ“, – იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი კოკოითის სიტყვებზე დაყრდნობით.


უცხოელი დიპლომატების ამ ვიზიტს ცხინვალში წინ უძღოდა ქართული მხარის მოწოდებები კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით საერთაშორისო ძალისხმევის გააქტიურებისკენ.    


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button