skip to content
ახალი ამბები

13 ეჭვმიტანილს ბრალი სახელმწიფო გადატრიალებაში წაუყენეს

თბილისის პროკურორის გიორგი ღვინიაშვილის განცხადებით, იგორ გიორგაძის 13 მომხრეს ოფიციალურად წარედგინათ ბრალი შეთქმულებაში სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად და ხელში ჩასაგდებად. 


6 სექტემბერს გიორგაძის პარტია სამართლიანობისა და მისი სატელიტი პარტიების 29 აქტივისტი დააკავეს, თუმცა ბრალი მხოლოდ 13 წარედგინა. პროკურატურის ცნობით, დანარჩენი გაათავისუფლეს.


კონსერვატორულ-მონარქისტული პარტიის ლიდერი თემურ ჟორჟოლიანი; მოძრაობა ანტი-სოროსის ხელმძღვანელი მაია ნიკოლაიშვილი, იგორ გიორგაძის ნათესავი მაია თოფურია, რომელიც პარტია სამართლიანობის წევრია, 13 ბრალდებულს შორის არიან.


თბილისის პროკურორის განცხადებით, ერთ–ერთ დაკავებულის კახა ქანთარიას ბრალდება დამძიმდება საბრძოლო მასალისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვის გამო.


“ამ პირებზე წარდგენილი ბრალდება ემყარება საქმეში არსებულ არაერთ მტკიცებულებას, მათ შორის მოწმეთა ჩვენებას, ამოღებულ ნივთმტკიცებულებებს და უხვ დოკუმენტურ მასალას“, – განაცხადა ღვინიაშვილმა.


მისი თქმით, გამოძიება დღესვე მიმართავს სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდებულებისათვის აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის შეფარდების თაობაზე. 


ღვინიაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მოწმეთა ვინაობა სასამართლო პროცესის დაწყებამდე გასაიდუმლოებული დარჩება.


“სასამართლო პროცესზე ისინი [მოწმეები] წარსდგებიან უკლებლივ, საჯაროდ და ღიად და არანაირი დამაბრკოლებელი გარემოება არ იქნება მათი პიროვნებების იდენთიფიცირებასთან დაკავშირებით“, – დასძინა ღვინიაშვილმა.


შსს–ს პრესსამსახურმა 6 სექტემბერს გაავრცელა უცნობ “მოწმეთა“ ვიდეო ჩანაწერი, სადაც ისინი აცხადებენ, რომ გადატრიალებას ძებნილი გიორგაძის პარტია სამართლიანობისა და მოკავშირე ორგანიზაციების ლიდერები გეგმავდნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button