skip to content
ახალი ამბები

კონსერვატორების ლიდერი პარლამენტს ტოვებს

დღეს ოპოზიციური კონსერვატიული პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა განაცხადა, რომ ის პარლამენტს ტოვებს, რათა 5 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში მერობის კანდიდატად მიიღოს მონაწილეობა. 


პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე განცხადება რიგგარეშე სხდომის მოწვევისა და დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ კობა დავითაშვილმა უკვე წარადგინა.   


“რაც არ უნდა უთანასწორო იყოს ძალები, სამართლიანი ბრძოლა, სიმართლისთვის ბრძოლა ყოველთვის მოიტანს შედეგს. მოვუწოდებ საზოგადოებას გააკეთოს თავისი არჩევანი. თუ ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ, ჩვენ მეტ წარმატებას მივაღწევთ“, – განაცხადა კობა დავითაშვილმა 5 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.


კონსერვატიული პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში რესპუბლიკურ პარტიასთან კოალიციაში მიიღებს მონაწილეობას. კობა დავითაშვილი ამ კოალიციის მერობის კანდიდატი იქნება.


კოალიციამ ასევე დაასახელა რესპუბლიკური პარტიის წევრი თინა ხიდაშელი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად, რომელიც საერთო სიაში მეორე ნომერი იქნება. 


კობა დავითაშვილი პარლამენტის წევრი გლდანის მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვების შედეგად გახდა. პარლამენტის დატოვების შემდეგ, კანონის თანახმად, გლდანის რაიონში ექვსი თვის ვადაში შუალედური არჩევნები უნდა გაიმართოს.


კანონის თანახმად, თბილისის მერი საკრებულოდან ირჩევა, სადაც 25 მანდატს მაჟორიტარული სისტემით საუკეთესო შედეგის მქონე პარტიების კანდიდატები მიიღებენ, დარჩენილ 12 ადგილს კი თბილისის ათივე საარჩევნო ოლქში 4%–იან ბარიერ გადალახული პარტიები დაიკავებენ.


რაც შეეხება მაჟორიტარულ სისტემას, პარტიამ საერთო ხმების სულ ცოტა 1/3 უნდა მოიპოვოს, რათა თავისი კანდიდატი საკრებულოში გაიყვანოს. თბილისის ათიდან ხუთი საარჩევნო ოლქი იქნება სამმანდატიანი, დანარჩენი ხუთი კი  – ორმანდატიანი.  37 წევრიანი საკრებულო თავისი შემადგენლობიდან აირჩევს დედაქალაქის მერს. ამ პოსტის დასაკავებლად საკრებულოში სულ ცოტა ხმების 2/3–ის მიღებაა საჭირო.


კობა დავითაშვილმა განაცხადა, რომ იგი გეგმავს გლდანის სამმანდატიან მაჟორიტარულ ოლქში იყაროს კენჭი.


დავითაშვილი თბილისის მერობის მესამე კანდიდატია. უკვე დასახელებულია მერობის ორი კანდიდატი – ოპოზიციური პარტია საქართველოს გზის ლიდერი სალომე ზურაბიშვილი და მოქმედი მერი გიგი უგულავა, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი.


კობა დავითაშვილის გადაწყვეტილება პარლამენტის დატოვების თაობაზე საკმაოდ სარისკო იყო, რადგანაც 5 ოქტომბრის არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში, ოპოზიციას პარლამენტში ერთი დეპუტატით ნაკლები ეყოლება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button