skip to content
ახალი ამბები

“ვიმპელკომი“ საქართველოს ციფრული კომუნიკაციების ბაზარზე შემოდის

რუსულმა კომპანია “ვიმპელკომმა“ 12 ივლისს განაცხადა, რომ მან  ქართული ციფრული ოპერატორის “მობიტელის“ აქციების 51% შეისყიდა 12.6 მილიონ აშშ დოლარად.


“მობიტელი“, რომელიც 2003 წელს შეიქმნა, მაგრამ რაიმე ოპერაციები არ განუხორციელებია, GSM-1800 ციფრული ლიცენზიების მფლობელია.


“ტრანსაქციის დასრულების შემდეგ, ვიმპელკომი აპირებს ტენდერი გამართოს აღჭურვილობის შესყიდვაზე და ქსელის მშენებლობა და განვითარება დაიწყოს“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. 


“ვიმპელკომი” არის წამყვანი მობილური სატელეფონო მომსახურების პროვაიდერი რუსეთსა და ყაზახეთში. კომპანია ასევე საქმიანობს უკრაინაში, ტაჯიკეთსა და უზბეკეთში. რუსეთსა და ყაზახეთში კომპანია “ბილაინ“-ის სამარკო ნიშნით მუშაობს.


“მოხარული ვართ განვაცხადოთ ჩვენი საქართველოში შესვლის თაობაზე… ამ ბაზარს, უეჭველია, განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. ვიმპელკომის საქართველოში შესვლასთან ერთად, საერთო მოსახლეობის რაოდენობა, სადაც ჩვენი ლიცენზია ვრცელდება, 237 მილიონს მიაღწევს. ვიმპელკომის დსთ-ში გავრცელების სტრატეგიის ფონზე, ეს იქნება მეხუთე ქვეყანა რუსეთის გარეთ, სადაც კომპანია ოპერაციებს განახორციელებს“, – განაცხადა ვიმპელკომის მთავარმა აღმასრულებელმა ოფიცერმა ალექსანდრე იზოსიმოვმა.


ამჟამად, საქართველოში ორი მობილური ოპერატორი კომპანიაა: ჯეოსელი, რომელსაც ბაზრის 55% უკავია და მაგთი – ბაზრის 45%-ით. “ვიმპელკომის” ცნობით, საქართველოში ასათვისებელი ბაზარი 30%-ს შეადგენს.   



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button